Home DEV Hub Microsoft-მა GitHub-ი შეიძინა: რას უნდა ველოდოთ?

Microsoft-მა GitHub-ი შეიძინა: რას უნდა ველოდოთ?

33
0

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჭორების შემდეგ, დღეს Microsoft-ის მიერ მსოფლიოში ყველაზე დიდი ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის საცავის— Github-ის შეძენის ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა. კორპორაციას ახალი შენაძენი 7,5 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა, ხოლო ახლადგამომცხვარ ქვედანაყოფს კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნეტ ფრიდმანი გაუძღვება. მაშ ასე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

მაიკროსოფტს უყვარს თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა

Bloomberg-ის მონაცემებით კომპანიებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა თავდაპირველად მოლაპარაკების საგანი არა სრულად შეძენა, არამედ მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობა იყო.

2015 წელს Github-ის საბაზრო ღირებულება 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. CNBC ბიზნეს-ტელეარხის ანალიტიკოსების დათვლებით კი დღეს GitHub-ის ფასი 5 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

GitHub-ის აღმასრულებელ დირექტორად კომპანია Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი, ნეტ ფრიდმანი (Nat Friedman), ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულების ერთ-ერთი ვეტერანი დაინიშნა, რომელმაც დეველოპერებისთვის კარგად ნაცნობი Xamarin-ი დააფუძნა. Microsoft-ის ახალი დანაყოფი Microsoft Cloud and AI Group-ს დაექვემდებარება, რომლის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტიც სკოტ გატრი (Scott Gutherie) გახლავთ.

dit.jpg

GitHub-ის თანადამფუძნებელი, კრის უენსტრატი, რომელმაც აღმასრულებელი დირექტორის პოსტი 10 თვის წინ დატოვა, Microsoft-ში მთავარი ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე გადადის.

Microsoft-ი თავის საწყისებს უბრუნდება

Bloomberg-ის აზრით, GitHub-ის გაყიდვის გადაწყვეტილება კომპანიამ Microsoft-ის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორის, სატია ნადელას მიერ მოხდენილი შთაბეჭდილების გამო მიიღო. მოგეხსენებათ, სატია ნადელა მხარს უჭერს და დადებითად აფასებს ღია საწყისი კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და მის გავრცელებას.

git1.jpg

ფაქტობრივად, Microsoft-იც ზუსტად დეველოპერებისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების შექმნით იწყებდა თავის საქმიანობას. კერძოდ, ბილ გეითსის და პოლ ალენის, კომპანიის თანადამფუძნებლების პირველ პროდუქტი პროგრამირების მოყვარულებზე იყო გათვლილი. იგი თავდაპირველად MITS Altair კომპიუტერებთან კომპლექტაციაში ერთად იყიდებოდა.

მოგვიანებით Microsoft-ის უმაღლესი ხელმძღვანელობის დამოკიდებულება ღია კოდის მიმართ მკვეთრად ნეგატიური გახდა, რადგან ისინი ასეთ მიდგომას არსებული წარმატებული ბიზნეს-მოდელის საფრთხედ განიხილავდნენ. ჯერ კიდევ 2001 წელს, სტივ ბალმერმა Linux-ს სიმსივნეც კი უწოდა.

მდგომარეობა მხოლოდ ახალი ხელმძღვანელის, სატია ნადელას მოსვლის შემდეგ გამოსწორდა. ახალი ხელმძღვანელობის პირობებში GitHub-ზე Microsoft-ი ღია კოდის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორად იქცა. 2016 წლის ნოემბერში კი Microsoft-ი Linux Foundation-ს შეურეთდა და მოგვინებით ღია კოდის მქონე ოპერაციული სისტემები აპლიკაციების საკუთარ მარკეტშიც განათავსა.

სატია ნადელას სტრატეგია, რომელიც Windows-ზე კომპანიის დამოკიდებულების შემცირებისკენ არის მიმართული წარმატებით მუშაობს და დღეს Microsoft-ში ღია პროგრამულ უზრუნველყოფასთან ურთიერთქმედების განვითარებით დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება.

რამდენიმე სიტყვა GitHub-ზე

კომპანია GitHub-ი თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელებისა და შენახვის უმსხვილეს პლატფორმას წარმოადგენს. პლატფორმის მომსახურებით დღეს 28 მილიონამდე დეველოპერი სარგებლობს, რომლებიც GitHub-ზე ჯამში საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის კოდის 80 მილიონამდე სტრიქონს ინახავენ.

git2.jpg

GitHub-ის მომსახურებას აქტიურად იყენებეს 1,5 მილიონამდე კომპანია, რომელთა რიცხვშიც არიან Apple, Amazon და Google. Microsoft-ი კი ამ სტატისტიკაში ლიდერია და მის რეპოზიტორიაში დღეს ყველაზე მეტი დეველოპერი მუშაობს, რომლებიც VSCode-ის განვითარებით არიან დაკავებულები.

ონლაინ-რეპოზიტორიებთან ერთად GitHub-ი დეველოპერებისთვის ერთგვარ სოციალურ ქსელსაც წარმოადგენს.

დღემდე GitHub-ი წამგებიან ბიზნესად განიხილებოდა. 2016 წლის პირველი სამი კვარტლის შედეგებით კომპანიამ 66 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა მაშინ, როცა შემოსავალმა ჯამში მხოლოდ 98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წლის აგვისტოში GitHub-ის ხელმძღვანელობამ ახალი აღმასრულებელი დირექტორის ძიება დაიწყო, რომელიც კრის უენსტრატს ჩაანაცვლებდა. სხვა კანდიდატებთან ერთად ამ თანამდებობაზე Business Insider-ის ცნობით Google-ის ვიცე-პრეზიდენტი, შრიდჰარა რამასვამიც განიხილებოდა.

GitHub-ის Microsoft-ის მიერ შეძენის შესახებ პირველი ჭორები ჯერ კიდევ 2016 წელს Yahoo News-მა გაავრცელა, თუმცა მაშინ GitHub-ის ხელმძღვანელობამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და ხაზს უსვამდა იმას, რომ კომპანია აფასებს საკუთარ დამოუკიდებლობას და არ აპირებს ვინმესთვის თავის მიყიდვას.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here