Apple-ის 12 სექტემბრის ღონისძიების მიმოხილვა

გუშინ „ვაშლის“ მოყვარულთათვის დიდი დღე იყო! პირველი iPhone-ის გამოჩენიდან ზუსტად 10 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით Apple-მა ახალი სმარტფონი წარმოადგინა, რომელიც კომპანიის თქმით მთლიანად მობილურ ინდუსტრიაზე იქონიებს გავლენას. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ამ კომპანიას შესანიშნავი პროდუქტები აქვს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში რამე ინოვაციურის შემჩნევა მათ მოწყობილობებში სულ უფრო ძნელდება. მოწყობილობები უდაოდ საუკეთესოა, თუმცა რევოლუციურებს მათ ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

Apple Watch Series 3— გონიერი საათების მე-4 თაობა, რომელიც წინამორბედებისგან განსხვავებით ფიჭური ქსელების მხარდაჭერით აღიჭურვა. მასში ჩაშენებულია ელექტრონული SIM ბარათი, რომელიც მას ზარების განხორციელების, SMS შეტყობინებების გაგზავნა/მიღებისა და ინტერნეტთან დამოუკიდებლად წვდომის საშუალებას აძლევს. ამისთვის თქვენ აღარ დაგჭირდებათ iPhone-თან სინქრონიზაცია. რაც ყველაზე საინტერესოა, მიმღების ფუნქციას აქ საათის დისპლეი ასრულებს. მათთვის, ვისაც საათში არ სჭირდება LTE, ხელმისაწვდომია ვერსია ფიჭური კავშირის მოდულის გარეშე.

Series 3-ის მფლობელებს ციფრული ასისტენტი Siri უკვე ხმით უპასუხებს, როგორც ეს Apple-ის სხვა მოწყობილობებზე ხდება. ახალმა საათმა ბევრად მძლავრი პროცესორი(წინა თაობასთან შედარებით ახალი პროცესორი 70%-ით უფრო წარმადიანია), აკუმულატორის გაზრდილი მოცულობა (ავტონომიური მუშაობის დრო 18 საათამდე), სიმაღლის სენსორი და WiFi/Bluetooth-ის უახლესი მოდულები მიიღო. LTE მოდულის მქონე ვერსიის საწყისი ფასია 399$ (მოდულის გარეშე: 329$). გაყიდვები ოფიციალურად 22 სექტემბერს, ხოლო წინასწარი შეკვეთების მიღება 15 სექტემბერს დაიწყება.

ასევე დაანონსდა საათის განახლებული ოპერაციული სისტემა WatchOS 4, რომელიც 19 სექტემბერს გამოვა. ერთ-ერთი საინტერესო სიახლეა სხვადასხვა ტრენაჟორებთან მონაცემების, მათ შორის კალორიებისა და გულისცემის სინქრონიზაცია.

განახლებული მოწყობილობა Apple TV სერიაშიც გამოჩნდა და ის 4K გაფართოებასთან 60 fps-ით მუშაობს. მასში ასევე მხარდაჭერილია HDR-ის ორი ძირითადი სტანდარტი: HDR10 და Dolby Vision HDR. ამ ინფორმაციას A10X პროცესორი დაამუშავებს, რომელიც დღეს iPad Pro-ში გამოიყენება. iTunes-ში ფასები ფილმებზე როგორც 4K ისე HD ხარისხის შემთქვევაში ერთნაირი იქნება. მოწყობილობის საწყისი ფასია 179$.

სანამ აუდიტორია „საიუბილეო“ სმარტფონით დაიშოკებოდა, Apple-მა ჯერ iPhone 8/iPhone 8 Plus-ი წარმოადგინა. სიმართლე გითხრათ, ეს უფრო iPhone 7s და iPhone 7s Plus-ია, მაგრამ რას ვიზამთ, როცა კონკურენტი სეულიდან არ ჩერდება. თქვენს წინაშეა 4,7 და 5,5 დიუმიანი ეკრანების მქონე სმარტფონები. მათი გაფართოება უცვლელია, თუმცა წინა თაობასთან შედარებით  ახალი iPad-ების მსგავსად აქ გამოყენებულია TrueTone ტექნოლოგია. iPhone 8/iPhone 8 Plus-ი კომპანიის A11 Bionic ჩიპზე მუშაობს, რომელსაც 2 მაღალწარმადიანი და 4 ენერგოეფექტური ბირთვისან შედგება. საინტერესოა, რომ GPU-ს სახით კომპანიამ არა ჩვეული PowerVR-ი, არამედ სრულიად ახალი ჩიპი გამოიყენა.

მინისგან დამზადებული უკანა პანელის საშუალებით iPhone 8 და iPhone 8 Plus-მა Qi სტანდარტით უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა მიიღეს. რაც შეეხება კამერებს, აქ გამოყენებულია 12 მპ-იანი f/1.8 აპერტურის (უფროსი მოდელი დამატებით აღჭურვილია f/2.8 აპერტურით) მქონე მოდული. მელომანები და ფილმების მოყვარულები კომპანიამ სმარტფონში ჩაშენებული მაღალი ხარისხის სტერეოდინამიკებით გაახარა. ორივე ფლაგმანმა მტვრისა და წყლისგან IP68 სტანდარტის დაცვა მიიღო. Apple-მა ახალი მოდელები ორ,  64 და 256 გბ-იან ვარიანტად და 3 ფერში წარმოადგინა.

და რა თქმა უნდა გუშინდელი ღონისძიების მთავარ მოვლენად იქცა „საიუბილეო“ iPhone X-ის ანონსი. სამწუხაროდ, ანონსი არ გამოვიდა ისეთი ეფექტური, როგორსაც ელოდნენ— მადლობა წინასწარ გაჟონილ რენდერებს. iPhone X-მა 2436X1125 წერტილზე გაფართოების მქონე 5.8 დიუმიანი OLED-ეკრანი მიიღო, რომელშიც ასევე გამოიყენება TrueTone— იგი პრაქტიკულად მთლიანად ფარავს სმარტფონის წინა მხარეს. iPhone X-ში ამოღებულია Home ღილაკი და თითის ანაბეჭდით ავტორიზაციის სისტემა Touch ID (დიახ, 10 წლის შემდეგ კომპანიამ პირველად თქვა უარი ამ ღილაკზე). ამის ნაცვლად ავტორიზაციისთვის საიუბილეო სმარტფონი სახის ამოცნობის სისტემა Face ID-ის იყენებს. კონკურენტებისგან განსხვავებით Apple-მა სისტემაში ახალი ალგორითმები გამოიყენა, რომლებიც დეტალურად აანალიზებენ სახის რელიეფს. მართალია, Apple ავტორიზაციის ახალ ტექნოლოგიას უფრო ზუსტს და უსაფრთხოს უწოდებს, ზოგ სიტუაციაში მისი გამოყენების პრაქტიკულობასთან გარკვეული კითხვის ნიშნები მაინც ჩნდება.

დანარჩენში iPhone X-ი საკუთარ უმცროს ძმებს— iPhone 8-ს და iPhone 8 Plus-ს იმეორებს. მასში ანალოგიურად გამოიყენება A11 Bionic ჩიპი Apple-ის ინტეგრირებული გრაფიკით. სმარტფონი აღჭურვილია ორმაგი 12 მპ-იანი მოდულით, სადაც ერთის აპერტურა f/1.8-ს, ხოლო მეორის f/2.8-ს უტოლდება. Apple-ის განცხადებით, iPhone X-ში ყველაფერი, მათ შორის კამერის ალგორითმები, დამატებითი რეალობა, აპლიკაციები და თამაშები უკეთესად იმუშავებს. მინისგან დამზადებული უკანა პანელის საშუალებით სმარტფონს Qi სტანდარტით უსადენო დამუხტვის მხარდაჭერაც გააჩნია. ახალი ფლაგმანი მხოლოდ ვერცხლისფერში და „ნაცრისფერი კოსმოსის“ ფერში იქნება ხელმისაწვდომი. სმარტფონის ფასი 999$-დან იწყება.

 

კატეგორიები

13/9/2017
  • mister_giga

    არადა 5 წლის წინ ვტენიდი ჩემს ლუმია 920-ს უკაბელოდ LOL და ამათმა მომავლის ტელეფონის ნაწილად აქციეს. დროში არიან აცდენილები 😀