Microsoft-მა Windows Insider პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები დააანონსა

Windows Insider პროგრამა შორეულ 2014 წელს, Windows 10-ის ანონსამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიქმნა. Windows-ის კომპიუტერების მომხმარებლების უმეტესობამ ეს პროგრამა დადებითად მიიღო და ინსაიდერების რაოდენობა მკვეთრად 10 მილიონამდე გაიზარდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში Microsoft-ი რეგულარულად უშვებს Windows 10-ის გამოსაცდელ ანაწყობებს, რომლებშიც ახალი ფუნქციებისა და შესწორებების სიმრავლეა. ამის შედეგად კომპანია ინსაიდერების რეაქციებსა და გამოხმაურებებს აკვირდება და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს თუ როგორ განავითაროს საკუთარი ოპერაციული სისტემის მომავალი განახლება.

განვლილი ოთხი წლის განმავლობაში Microsoft-მა ამ პროგრამით ბევრი რამ ისწავლა. ახლა კი დროა, რომ აღნიშნულმა პროგრამამ გარკვეული ცვლილებები განიცადოს, რათა Windows-ის წინასწარი შეფასების სისტემა უფრო ეფექტური გახდეს. Windows Central-თან ინტერვიუში, Windows Insider პროგრამის ხელმძღვანელმა, დონა სარკარმა განაცხადა, რომ კომპანიის შიგნით პროგრამის 2-წლიანი განვითარების გეგმა— WIP 2020 შეიმუშავეს. აღნიშნული „საგზაო რუკის“ მიხედვით Windows Insider პროგრამა რამდენიმე გაუმჯობესებას და ცვლილებას მიიღებს.

ჩვენ გვსურს Windows Insider პროგრამა ისე შევცვალოთ, რომ მომხმარებლებს თავად გაუჩნდეთ მასში მონაწილეობის სურვილი Microsoft-ში დასაქმების გარეშე

როგორც ირკვევა, კომპანია არ აპირებს პროგრამის რადიკალურ გარდაქმნას. ამის ნაცვლად პროგრამა გარკვეულ ევოლუციას განიცდის და რამდენიმე საცდელ შესაძლებლობას მიიღებს. Cohorts — ერთ-ერთი ექსპერიმენტალური ინიციატივაა, რომელიც თემატურად დააჯგუფებს ინსაიდერებს და კომპანიას უფრო ინფორმატიული და ეფექტური შენიშვნების შეგროვების შესაძლებლობას მისცემს.

გამოხმაურებები ორ სახეობად იყოფა: „ეს არ მუშაობს, გაასწორეთ“ და “ეს გვაკლია, გააკეთეთ“.  დაზიანებული კომპონენტების შესახებ კომპანია ინფორმაციას ტელემეტრიის საშუალებით იღებს. ხოლო რაც შეეხება ახალ ფუნქციებს, ინსაიდერები იმას ითხოვენ, რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ. სასარგებლო ფუნქციების შესახებ გამოხმაურებები ამის გამო ზოგჯერ ჩვენამდე ვერც კი მოდის.

მაგალითისთვის, Microsoft-ს კონკრეტული ჯგუფებისგან Windows 10-ზე სტილუსის მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიღება სურს და ამისთვის ის მიმართავს თემატურად დაკომპლექტებულ Cohort-ს, რომელშიც ყველა მონაწილეს სტილუსით მუშაობის გამოცდილება აქვს. ასეთი გამოხმაურებები Windows 10-ის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული იქნება. ზოგადი ინფორმაციის შეგროვების ნაცვლად Microsoft-ში კონკრეტული მიმართულებით გამოცდილი მომხმარებლებით დაკომპლექტებული ჯგუფების მოსმენა სურთ.

სისტემა Cohorts არ ჩაანაცვლებს Windows Insider პროგრამის კლასიკურ სისტემას, რომელიც Feedback Hub-ით შეტყობინებების გაგზავნას ითვალისწინებს. ის უბრალოდ გაზრდის ამ პროგრამის შესაძლებლობებს.

Microsoft-მა საცდელად უკვე დააკომპლექტა რამდენიმე თემატური ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფები Fluent Design-ს, ილუსტრატორებისა და დიზაინერების ოპერაციულ სისტემასთან მუშაობას, Cohorts for MVP-ს და  Cohorts Windows Insider for Business-ს  აფასებენ. აღნიშნულ ჯგუფებში მოხვედრა მოსაწვევით იქნება შესაძლებელი. სამომავლოდ მაიკროსოფტი ერთგვარ „კლუბებს“ ჩამოაყალიბებს, რომლებიც Windows 10-ის გარკვეულ კომპონენტებს მოიცავენ. მათ ექნებათ დახურული ფორუმი, რომელშიც განხილული იქნება ესა თუ ის შესაძლებლობები.

თითოეული Cohort-ი სამი ნაწილისგან შედგება:

  • Microsoft-ის თანამშრომელი, რომელიც კონკრეტულ თემატურ საკითხს უძღვება
  • გამოცდილი ინსაიდერების ჯგუფი, რომელიც იმუშავებს, გატესტავს და განიხილავს ახალ შესაძლებლობებს.
  • სხვა ტესტერები.

Microsoft-ს სურს, რომ Cohort ჯგუფმა შეარჩიოს ერთი ადამიანი კონკრეტული მოთხოვნილებებით და საკუთარი ძალები მის საჭიროებებზე და პრობლემებზე მიმართოს. დონა სარკარი „build for one“ ანუ „შექმენი ერთისთვის“ კონცეფციის დიდი ქომაგია. ის ამას შემდეგნაირად ხსნის:

როცა კონკრეტული მოთხოვნილებების მქონე მომხმარებლისთვის აკეთებ რაღაცას, ხშირად ამჩნევ, რომ არსებობენ სხვა მომხმარებლებიც, რომლებსაც ანალოგიური მოთხოვნილებები და პრობლემები აქვთ.

Windows-ის კონკრეტულ ნაწილებზე ფოკუსირებული ჯგუფების დაკომპლექტებით Microsoft-ს უფრო ხარისხიანი გამოხმაურების მიღება სურს, რაც საბოლოო ჯამში კარგ და პრაქტიკულ ფუნქციებში დაკონვერტირდება. აღნიშნული პროგრამით ასევე შემცირდება ისეთი ახალი ფუნქციების დამატების პრაქტიკა, რომლებსაც არავინ იყენებს.

ამჟამად Cohorts-ი მხოლოდ ექსპერიმენტია. თუ Windows Insider პროგრამის ხელმძღვანელები მას წარმატებულად ჩათვლიან, დაიწყება ჯგუფების თემატური შექმნა და მათი განვითარება.