დეტალები Polaris და Windows Core OS-ის შესახებ

არც თუ ისე დიდი ხნის წინ Windows Central-მა Microsoft-ის ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებული პროექტის, Polaris-ის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. აღნიშნული პროექტი უფრო მასშტაბური Windows Core OS-ის ნაწილია. იმისათვის, რომ ოპერაციული სისტემა უფრო სწრაფად ვითარდებოდეს, Microsoft-ი Windows 10-ის გამარტივების და ძველი, მძიმე კომპონენტების სისტემიდან სრულად ამოღების გზას დაადგა. ასე და ამგვარად Windows 10 უნდა იქცეს მსუბუქ, უფრო სწრაფ, გამართულ  და უნივერსალურ ოპერაციულ სისტემად. Windows Core OS შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, რომლებიც თავის მხრივ  ამა თუ იმ ფორმ-ფაქტორის მოწყობილობისთვის ოპერაციული სისტემის ინტერფეისის ადაპტირებაზე აგებენ პასუხს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

Windows 10-ის განვითარების საკვანძო კომპონენტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • Windows OneCore — ოპერაციული სისტემის ერთიანი და უნივერსალური ბირთვი, რომელიც 2015 წელს იქნა წარმოდგენილი.
  • Universal Windows Platform (UWP) — აპლიკაციების ერთიანი პლატფორმა ყველა ტიპის მოწყობილობისთვის (PC, ARM, Xbox, HoloLens, WMR).
  • Windows Core OS — მოდულირებული ოპერაციული სისტემის ღერძი, რომელსაც შეგიძლიათ დაურთოთ ან მოაცილოთ თქვენს მიერ შერჩეული კომპონენტები. მაგალითად სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება Win32 პროგრამების მხარდაჭერის წაშლა ან სატელეფონო ზარების მხარდაჭერის დამატება და ა.შ. Windows Core OS-ის საშუალებით სისტემა მხოლოდ UWP-ზე იქნება აგებული.
  • Windows CShell — აღნიშნული „კონსტრუქციის“ ბოლო ელემენტი.  ეს არის ინტერფეისი ან გარსი, რომელიც ეკრანის მახასიათებლებს ერგება. მაგალითისთვის, სრულფასოვანი Windows 10 საჭიროების შემთხვევაში მობილურ ან Xbox-ის ინტერფეისზე გადაეწყობა

იდეის დონეზე ყველაფერი მარტივია: საერთო ბირთვი (OneCore) ერთიანი კომპონენტები ოპერაციული სისტემის დონეზე (Windows Core OS) და ადაპტირებადი ინტერფეისი ყველა ტიპის მოწყობილობისთვის (CShell).

OneCore, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2015 წელიდან არსებობს, თუმცა ოპერაციული სისტემის დონეზე კოდი Windows 10, Windows 10 Mobile, Xbox, Hololens და Surface Hub-ის შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. UWP პლატფორმის მიუხედავად თითოეულ მიმართულებას დეველოპერების და ტექ.მხარდაჭერის საკუთარი გუნდი ესაჭიროებოდა. ეს არეულობა Windows Core OS-ის გამოჩენასთან ერთად უნდა დასრულდეს. ამ პროექტში როგორც ბირთვი, ისე სისტემის „ზედა“ ფენა, აპლიკაციები და სხვადასხვა კომპონენტები საერთო კოდზე იმუშავებენ. გარდა ამისა გამარტივდება სისტემაში თითოეული კომპონენტის დამატება ან ამოშლა (მაგალითად, მცირე ზომის და სუსტ პლანშეტს სულაც არ სჭირდება Win32 API, რომელიც მხოლოდ დაამძიმებს სისტემას და შეანელებს მოწყობილობას). მოწყობილობებს შორის განსხვავება მხოლოდ მოდულებში იქნება.

ამჟამად უკვე არსებობს მობილური მოწყობილობების მოდული Andromeda, სამაგიდე კომპიუტერების Polaris-ი, Aruba ნაკლებად ცნობილი Surface Hub-ისთვის და Oasis ახალი Windows Mixed Reality-ისთვის. თეორიულად ერთ მოწყობილობას საკუთარ თავში რამდენიმე მოდულის გამოყენების საშუალებაც ექნება. მაგალითად, გადაკეცილი პლანშეტი Andromeda-ზე იმუშავებს, თუმცა გაშლილ მგომარეობაში თქვენ მისი Polaris-ზე გადართვა შეგეძლებათ. ახალი ფორმ-ფაქტორის მოწყობილობების გამოჩენის შემთხვევაში Microsoft-ი ოპერაციული სისტემის  ხელმეორედ გადაწერის და დიდი განახლების ნაცვლად პატარა მოდულს გამოუშვებს, რომელიც სისტემას მოწყობილობების ახალ სახეობასთან თავსებადს გახდის.

აღსანიშნავია, რომ Windows Core OS-ზე მომუშავე ლეპტოპი Polaris-ის მოდულთან ერთად გარეგნულად ჩვეულებრივი Windows 10-ისგან არაფრით განსხვავდება. ცვლილებები სისტემის შიგნით დაიმალება. Windows 10 აღარ იქნება ძველი legacy-კომპონენტებით დახუნძლული ოპერაციული სისტემა. მაგალითისთვის, თქვენ ვეღარ იხილავთ ძველ ფაილების მენეჯერს, ფაქსთან მუშაობის სერვისს და სხვა დრომოჭმულ კომპონენტებს. ამასთან ერთად ჩვენ დანამდვილებით ვერ ვიტყვით იმას, რომ Windows-ი აბსოლუტურად ყველა ძველ კომპონენტს დამეშვიდობება.

ვინაიდან კლასიკურ პროგრამებზე უარის თქმა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება, Microsoft-ი დამატებით გადაწყვეტილებას ამზადებს. და აი ისიც, Win32 აპლიკაციები Microsoft Store-ში. კომპანია ძველი პროგრამების უმეტეს ნაწილს მარკეტში გადაიტანს და სისტემიდან მათ სრულად ამოიღებს. ასეთი ბედი უკვე გაიზიარა Microsoft Paint-მა. მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ი არ ამბობს უარს Win32-ზე, მათი ძალები UWP პლატფორმის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული.

Microsoft-ი არავის აიძულებს Windows Core OS-ის გამოყენებას. Windows 10-ის აღნიშნული ვერსია მხოლოდ ახალ ბიზნეს და სასწავლო სეგმენტის მოწყობილობებზე გამოჩნდება. ორად გაიყოფა ჩვეულებრივი სამომხმარებლო ბაზარიც, სადაც Windows 10-ის სტანდარტულ რედაქციებთან ერთად ჩვენ Windows Core + Polaris/Andromeda-ზე მომუშავე მოწყობილობებს ვიხილავთ.  მოდულირებული ოპერაციული სისტემის ხედვა კარგად ერწყმის „Always Connected PC“ მოწყობილობებს ARM პროცესორებსა და სრულფასოვან Windows 10-ზე.

თანამედროვე ვერსიის მიუხედავად Windows 10 Pro (ან თუნდაც Home) საწყის ეტაპზე მაინც არსად გაქრება. მსოფლიოში არსებობს უამრავი კომპანია, სასწავლო დაწესებულება ან უბრალო მომხმარებელი, რომლებისთვისაც ძველი კომპონენტების მხარდაჭერა გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. ასეთი ტიპის მომხმარებლებისთვის Windows 10 თავის ტრადიციულ სახეს შეინარჩუნებს. გრძელვადიან პერსპექტივაში Microsoft-ი Windows Core OS-ს ხედავს როგორც ძირითად გადაწყვეტილებად სამაგიდე კომპიუტერებისთვის, მობილური მოწყობილობებისთვის, სათამაშო კონსოლებისთვის, შერეული რეალობის ჩაფხუტებისთვის და სხვა. შესაძლოა Windows 10 Pro-ც მოდულირების შედეგად იქცეს. შეგიძლიათ ეს ყველაფერი LEGO-ს კონსტრუქტორს შეადაროთ.  Windows Core OS არის კარკასი, რომელზეც OEM პარტნიორები და მომხმარებლები „დააშენებენ“ იმას, რაც მათ სჭირდებათ, ზედმეტი ნაგვის გარეშე.

თანამედროვე სამყაროში მობილურობა ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად იქცა. ზუსტად ამიტომ Microsoft-ს მსუბუქი და მოქნილი ოპერაციული სისტემის მოდელი ჰაერივით სჭირდება.