Windows Insider-ები პერსონალიზირებულ შეტყობინებებს მიიღებენ

რამდენიმე დღის წინ Windows Insider პროგრამის ხელმძღვანელმა, დონა სარკარმა კომპანიის ოფიციალურ საიტზე სპეციალური საინფორმაციო მასალა გამოაქვეყნა, რომელიც დეტალურად აღწერს უკუკავშირის გამოყენების ახალ მექანიზმს. ამიერიდან ინსაიდერების მიერ გაგზავნილ გამოხმაურებაზე რეაგირების შემდეგ დეველოპერები თავად შეატყობინებენ ავტორს ჩატარებული ღონისძიების შესახებ. ასეთი სახით ინსაიდერებსა და დეველოპერებს შორის მუშაობა უფრო ეფექტური გახდება, რაც საბოლოო ჯამში პრობლემებზე დროულ რეაგირებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა აღარ იქნება საჭირო Feedback Hub-ში დატოვებული შეტყობინების ყოველ 5 წუთში ერთხელ გადამოწმება. საინფორმაციო მასალაში მოყვანილია 3 მეთოდი, რომლითაც დეველოპერები ინსაიდერებს დაუკავშირდებიან.

  1. იმის შემდეგ, რაც Microsoft-ი შეეცდება პრობლემის გამოსწორებას, აღნიშნული ხარვეზის შეტყობინების ავტორი ინსაიდერები ან ისინი, ვინც ხმის მიცემით დაადასტურა ამ პრობლემის არსებობა მიიღებენ შეტყობინებებს Action Center-ში (ამ სისტემას System Initiated User feedback, SUIF ეწოდება). აღნიშნულ შეტყობინებაში დეველოპერები სთხოვენ ინსაიდერს გადაამოწმოს მის მიერ შემჩნეული პრობლემის არსებობა და ტესტირების შედეგები ისევ უკუკავშირით გამოაგზავნოს. SUIF-ის განახლებული ვერსია უკვე რამდენიმე კვირაა რაც გამოვიდა, ასე რომ აქტიური ინსაიდერები შესაძლოა უკვე შეხვდნენ მსგავს სისტემურ შეტყობინებებს.
  2. დონას თქმით, მსგავს შეტყობინებებს ინსაიდერები ელექტრონულ ფოსტაზეც ითხოვდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ინსაიდერი უგულებელყოფს ამომხტარ სისტემურ შეტყობინებას, მას ელ.ფოსტაზე გარკვეული დროის შემდეგ მსგავსი შინაარსის წერილი მიუვა.
  3. ცვლილებები შეეხო Feedback Hub-საც, რომელშიც ამიერიდან უფრო მარტივად გადაამოწმებთ თქვენ მიერ მხარდაჭერილი ან გაგზავნილი გამოხმაურების მდგომარეობას.

ბოლოს დონა აცხადებს, რომ ინსაიდერები, რომლებმაც Fall Creators Update-ში სერიოზული ხარვეზების აღმოჩენაში მიიღეს მონაწილეობა და Windows-ის დეველოპერების გუნდს ეხმარებოდნენ, LinkedIn Learning-ზე 3-თვიან უფასო წვდომას მიიღებენ.