Samsung Galaxy Note 8: მიმოხილვა პრეზენტაციიდან

Samsung-ის საქართველოს წარმომადგენლობამ 8 სექტემბერს Galaxy Note 8-ის პრეზენტაციას უმასპინძლა, სადაც მიწვეულ სტუმრებს შორის ტექნოლოგიური პორტალების ბლოგერებიც იყვნენ. ღონისძიების წამყვანებმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს ახალი ფლაგმანის ტექნიკური მახასიათებლები და ის შესაძლებლობები, რითაც Note 8 სხვა სმარტფონებისგან გამოირჩევა. ამის შემდეგ კი ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა სმარტფონს პირადად გავცნობოდით. ღონისძიების ბოლოს კი ყველამ სიმბოლური საჩუქარი მიიღო. მაშ ასე, დროა სმარტფონს გამადიდებელი შუშით დავაკვირდეთ.

დიზაინი, ზომები და მართვის ელემენტები

Samsung Galaxy S8-სთან შედარებით მოწყობილობა, მიუხედავად მისი 6,3-დიუმიანი უსაზღვრო ეკრანისა მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრითაა დიდი. ის შესანიშნავად ჯდება ხელში, ეტევა ჯიბეში და არ იწვევს დისკომფორტს ერთი ხელით მუშაობისას. დიზაინთან ერთადერთი შენიშვნა თითის ანაბეჭდის სენსორს ეხება, რომელიც ისევ უკანა მხარეს, კამერის გვერდზე განთავსდა.

კორპუსის გადასვლები სასიამოვნოდ ერწყმის ერთმანეთს, რაც მას უფრო მიმზიდველსა და ხელში დასაჭერად სასიამოვნოს ხდის. ფლაგმანში გამოყენებულია Corning Gorilla Glass 5-ის მინის სპეციალური ვერსია მარკირების გარეშე.

სმარტფონში უცვლელად გვხვდება IP68 სტანდარტის დაცვა, რის საშუალებითაც Note 8 უპრობლემოდ იმუშავებს წყლის ქვეშ. (1,5 სიღრმე/30 წუთის განმავლობაში).

ღილაკების და პორტების განლაგება Samsung-ის მე-8 თაობის Galaxy ხაზის სმარტფონების მსგავსია. აქ გვხვდება ცალკე ღილაკი Bixby-სთვის, SIM და microSD ბარათების სლოტი.

კორპუსი Galaxy S8/S8+ის  მსგასვად 7000 სერიის ალუმინის ნადნობისგან არის დამზადებული ერთი პატარა განსხვავებით— საფარის გაუმჯობესების ხარჯზე იგი ნაკლებად იკაწრება.

S-Pen-ში მასშტაბური ცვლილებები არ შეიმჩნევა. იგი გრძნობს 4096 სხვადასხვა დონის დაჭერის ძალას, მასში გაუმჯობესდა დახრის აღქმა და რაც მთავარია, ის წყალგამძლეა— OneNote-ში ჩანაწერების გაკეთება უკვე წყლის ქვეშაც იქნება შესაძლებელი. სტილუსის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ლამაზი Gif-ი, რეალურ დროში თარგმნოთ მონიშნული ტექსტი და სხვა. მოკლედ, Note 8-მ საუკეთესო სმარტფონი— ორგანაიზერის წოდება დაიმსახურა.

დისპლეი

ეკრანის დიაგონალმა 6,3 დიუმი შეადგინა, რაც S8+ თან შედარებით მოწყობილობის სიმაღლე ძალიან უმნიშვნელოდ გაიზარდა, ხოლო სიგანეში ის 5,5 დიუმიან iPhone 7 Plus-ზე უფრო პატარაა, თანაც ეს ყველაფერი უსაზღვრო ეკრანის ფონზე. შესაძლოა ეს სმარტფონი მაინც დიდად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მაშინვე დაგავიწყდებათ, როგორც კი სმარტფონზე ფილმის ყურებას დაიწყებთ. ეკრანმა  HDR(High Dynamic Range) რეჟიმის მხარდაჭერა მიიღო რაც გამოსახულებას უფრო განმაცვიფრებელს ხდის. თანაფარდობა 1-2-თან, გაფართოება 2K, უფრო სწორად QuadHD+. ეკრანის ტიპი— SuperAMOLED, რომელშიც ასევე რამდენიმე მცირე გაუმჯობესება შეიტანეს:

  • ფერთა გაუმჯობესებული ჩვენება
  • გარე განათების შეფასების ახალი ალგორითმი, განათების RGB-სენსორი;
  • ახალი DSP გამოსახულების დასამუშავებლად, ინტეგრირებულია Bixby-სთან;
  • დეველოპერებისთვის და მომხმარებლებისთვის ახალი ფერის პროფილები.

ნორმალურ პირობებში S8+სა და Note 8-ის ეკრანს შორის სხვაობას ვერ შეამჩნევთ, თუმცა საკმარისია ისინი განათების სხვადასხვა პირობებში გამოიყენოთ— განსხვავებას მაშინვე შეამჩნევთ. ეკრანების ბრძოლაში Note 8 უპირატესობს.

მეხსიერება, წარმადობა და აკუმულატორი

საქართველოს ბაზრისთვის ხელმკისაწვდომი იქნება Galaxy Note 8-ის ვერსია შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით:

  • ოპერატიული მეხსიერებია: 6 გბ
  • პროცესორი: 10 ნანომეტრიანი არქიტექტურის მქონე ენერგოეფექტური Exynos 8895
  • შიდა მეხსიერება: 64 გბ (microSD-ის მხარდაჭერით 256 გბ-მდე)
  • ელემენტი: Li-Ion 3300 mAh

კომპანიის წარმომადგნელის განცხადებით, ა.შ.შ-ს მოდელში გამოყენებული Snapdragon 835-ი სინთეტიკურ ტესტებში მიღებული რიცხვებით Exynos-ის პროცესორზე უმნიშვნელოდ უპირატესობს, რაც მუშაობის დროს პრაქტიკულად არ შეიმჩნევა. სამაგიეროდ Exynos-ზე მომუშავე ვერსია გახანგრძლივებულ ავტონომიურ რეჟიმს გვპირდება. Note 8-ში უცვლელადაა წარმოდგენილი უსადენო დამუხტვის, სწრაფი დამუხტვისა და ენერგიის ექსტრემალური დაზოგვის რეჟიმები.

კამერა

Note 8-ში თქვენ ახალ, ორმაგ კამერას შეხვდებით, რომლის ძირითადი მოდული 12 მპ-იანი სენსორით არის შექმნილი. მართალია, ანალოგიური სენსორი აქვს S8/S8+ს თუმცა კომპანიის თქმით მასში სრულად გადამუშავდა კამერის მუშაობის ლოგიკა და ალგორითმი. S8/S8+ის ბოლო განახლებაში ამ ალგორითმების ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია. მაგალითისთვის, სურათები უფრო ღია და ხასხასა ფერებში გამოდის, აღარ იწვევს დისკომფორტს სურათის არაბუნებრივი სიმკვეთრე. მართალია ეს ცვლილებები პირველი შეხედვით უბრალოდ შეუმჩნეველი დარჩება.

მეორე სენსორი ფლაგმანს კამერის რამდენიმე ახალ რეჟიმს უმატებს, ძირითადად ესენია:

  • პორტრეტი— უკანა ფონისთვის Blur ეფექტის დადება
  • არჩევითი ფოკუსირება— უაკანა ან წინა ფონისთვის Blur ეფექტის დადება;
  • 3D მოდელები, რომლებიც ორი კამერით იქმნება; ამისათვის გადასაღებ ობიექტს წრე უნდა შემოარტყათ.
  • Art-ფილტრები და ბევრი სხვა.

ღამის რეჟიმში გადაღებისას სურათებში ნაკლები ხმაური და მეტი სიმკვეთრე შეიმჩნევა, განახლებული HDR რეჟიმი. 3-მაგი ოპტიკური ზუმი ბევრად უკეთესად მუშაობს, ვიდრე ციფრული. საერთო ჯამში კამერამ განმაცვიფრებელი რევოლუცია ვერ მოახდინა, თუმცა S8/S8+ თან შედარებით ის საგრძნობლად გაუმჯობესდა.

Samsung DeX– პერსონალური კომპიუტერი თქვენს ჯიბეში

ყველას გვახსოვს Windows 10 Mobile-ის შესაძლებლობა Continuum-ი. თუმცა Samsung-მა ბევრად დახვეწილი და გაუმჯობესებული ალტერნატივა შემოგვთავაზა— ეს არის Samsung DeX, რომელიც მონიტორთან დაკავშირებისას თქვენს Note 8-ს არც მეტი და არც ნაკლები პერსონალურ კომპიუტერად გადააქცევს. ფანჯრები, აპლიკაციები, კურსორი და კლავიატურა— ყველაფერი, რაც კომპიუტერს კომპიუტერად აქცევს Samsung-ის ბოლო ფლაგმანშიც კარგად მუშაობს.

აქ თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ დოკუმენტებთან Microsoft Office-ის აპლიკაციების გამოყენებით, რომლებიც მოწყობილობაზე კოლოფიდანვე ხელმისაწვდომია. აღსანიშნავია, რომ DeX-ში Microsoft-ის საოფისე პროგრამების, Word, Excel და PowerPoint-ის გამოსაყენებლად თქვენ Office 365-ის ანგარიში დაგჭირდებათ.

შევაჯამოთ

უნდა აღინიშნოს, რომ Note 8-მ გადამუშავებული ინტერფეისიც მიიღო. კოლოფიდან ის Android 7.1.1-ზე მუშაობს, ხოლო შემოდგომის ბოლომდე ახალი ფლაგმანი Android Oreo(და მასთან ერთად Bluetooth 5.0)-ს მიიღებს. სამწუხაროა, რომ ორ კამერასთან ერთად მწარმოებლებს ორი დინამიკი დაავიწყდათ— გარე დინამიკი არაფრით არ გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით ყურსასმენებზე. AKG-ს ყურსასმენებში მუსიკის ხარისხიც, ჟღერადობაც და ხმაც კარგი აღმოჩნდა. სხვა დანარჩენში სმარტფონმა მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.

მოწყობილობის წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ისინი, ვინც ახალ Galaxy Note 8-ს Samsung-ის ოფიციალურ პარტნიორებთან შეუკვეთავენ, საჩუქრად Samsung Dex-ის სადგამს, უსადენო კლავიატურასა და მაუსს მიიღებენ. წინასწარი შეკვეთით შეძენილი სმარტფონი მფლობელს ოფიციალური გაყიდვების დაწყებამდე 1 კვირით ადრე გადაეცემა. ოფიციალური გაყიდვები დაიწყება 6 ოქტომბერს, ხოლო ფლაგმანის სავარაუდო ფასია 2599 ₾ .

  • Dima Simonishvili

    $-ში ძალიან გაბერილი ფასია. არ ღირს ამხელა ფულის გადახდა.