Hololens-ის ხელოვნური ინტელექტის ჩიპი სხვა მოწყობილობებშიც გამოჩნდება

წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანია Microsoft-ი ცალკე ჩიპზე მუშაობს, რომელიც Microsoft-ის მე-2 თაობის ჰოლოგრაფიულ კომპიუტერში ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. როგორც ჩანს კომპანია ხელოვნურ ინტელექტზე უფრო დიდ იმედებს ამყარებს, რის შედეგადაც აღნიშნული დამატებითი პროცესორი Surface ხაზის სხვა მოწყობილობებზეც უნდა გამოჩნდეს.

CNBC-სთან ინტერვიუში Microsoft-ის საფირმო მოწყობილობების ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა, პენოს პანაიმ კომპანიის შიგნით HoloLens-ისთვის ახალი ჩიპის შემუშავების პროცესი ოფიციალურად დაადასტურა. მისივე ცნობით ეს ჩიპები შესაძლოა Surface-ის ხაზის მოწყობილობებშიც გამოჩნდეს. სავარაუდოდ ამ ჩიპით სარგებლობას ლიცენზირების წესით კომპიუტერებისა და სმარტფონების სხვა მწარმოებლებიც შეძლებენ.

Microsoft-ის განმარტებით HoloLens-ში ჩაშენებული AI ჩიპი ძირითადი პროცესორის დატვირთვას შეამცირებს, რაც კომპლექსური ამოცანების ხარისხიანი და სწრაფი დამუშავების საშუალებას მოგვცემს. ასეთი სახით HoloLens 2 ბევრად სწრაფი, მრავალფუნქციური და უფრო ჭკვიანი იქნება. შეგახსენებთ, რომ HoloLens-ი პირველი დეკემბრიდან მსოფლიოს 39 სახელმწიფოში გაიყიდება. ასევე ჰოლოგრაფიულმა ჩაფხუტმა IP50 სერტიფიკატი მიიღო.

საინტერესო იქნება ხელოვნური ინტელექტის ჩიპის მოქმედებაში ნახვა Microsoft-ის ისეთ მოწყობილობებში, როგორებიცაა კომპიუტერები, პლანშეტები, სმარტფონები და სხვა. შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა Huawei-სთან ერთად უკვე შექმნეს ნეირონული თარჯიმანი, რომელიც AI ჩიპს იყენებს.