Microsoft-ი და Vattenfall სუფთა ელ.ენერგიის მიმართულებით ითანამშრომლებენ

Microsoft-მა რამდენიმე დღის წინ შვედურ კომპანია Vattenfall-თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. Vattenfall-ი ევროპაში ელ.ენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია ქარის არსებულ ელექტროსადგურს გააფართოებს, რაც დამატებით 180 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა. Microsoft-ი მიწოდებული ე.წ სუფთა ენერგიის 100%-ს უახლოესი დატა-ცენტრისთვის გამოიყენებს.

ელექტროსადგურის გაფართოება შემდეგ წელს დაიწყება, ხოლო ძირითადი სამუშაოები 2019 წელს უნდა დაიწყოს. ქარის ელექტროსადგური Wieringemeer-ი სიდიდით 2013 წელს ამოქმედებულ სადგურ  Princess Alexia-ს სამჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ Vattenfall-ი ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად უკვე აქტიურად იყენებს Microsoft Azure-ის ღრუბლოვან გადაწყვეტილებას. ელექტროენერგიის საკითხებში Microsoft-ის მთავარი მენეჯერი, ბრაიან ჟენუსი აცხადებს:

ჩვენი მძლავრი ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები კომპანიებს ეფექტურობის ამაღლებაში ეხმარება. Azure-ი Vattenfall-ს და სხვა ენერგოკომპანიებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც ბაზარზე მათი პოზიციის გამყარების წინაპირობაა. Microsoft-ი მზადაა მსგავს კომპანიებთან თანამშრომლობისთვის…

Vattenfall საკუთარი პარკის 100 ტურბინამდე გაზრდას გეგმავს, რაც საერთო ჯამში ეკოლოგიურად სუფთა 1.3 მილიარდ კვტ/სთ.-ის გამომუშავებას უზრუნველყოფს.

კატეგორიები

4/11/2017