Microsoft Edge-ის საცდელი ვერსია უკვე Android-ზეა

დაახლოებით 1 კვირის წინ კომპანია Microsoft-მა ბრაუზერი Edge-ის iOS-ზე და Android-ზე გამოსვლის შესახებ ანონსით გაგვაკვირვა. თავდაპირველად ბრაუზერი მხოლოდ iOS-ზე იყო ხელმისაწვდომი და ისიც, მხოლოდ Windows Insider-ებისთვის (მოგვიანებით ეს შეზღუდვა მოიხსნა). ახლა კი დროა შევეგებოთ Microsoft Edge-ის Android ვერსიას. ბეტა-ტესტირებაში მონაწილეობისთვის გადადით ამ ბმულზე, რის შემდეგაც შეძლებთ ბრაუზერის გადმოწერას.

აღსანიშნავია, რომ Microsoft Edge მობილურ ოპ.სისტემა Android-ზე საკუთარი ძრავის ნაცვლად Blink-ს იყენებს, რომელიც დღეს გვხვდება ისეთ ბრაუზერებში, როგორებიცაა Chrome, Opera, Yandex და სხვები. განსხვავება Edge-სა და სხვა ბრაუზერებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ მას აქვს ყველა ის ძირითადი ფუნქცია, რომელიც გააჩნია Microsoft Edge-ის Windows 10 (Desktop) ვერსიას. გარდა ამისა კომპიუტერზე და მობილურზე ბრაუზერებს შორის სინქრონიზირებული იქნება ბრაუზერის ისტორია, რჩეული ბმულების ან საკითხავი მასალის სია და სხვა მონაცემები. ინტერფეისში გათვალისწინებულია ღილაკი „გავაგრძელოთ კომპიუტერზე“, რომელზე დაჭერითაც შეგიძლიათ მომენტალურად გახსნათ სასურველი ვებ-გვერდი Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერზე ან ეს მოგვიანებით გააკეთოთ, რის შედაგადაც შეხსენება კომპიუტერის Action Center-ში გამოჩნდება.

თუ გვიჩნდება კითხვა, რისთვის შეიქმნა ბრაუზერი თუ ის იგივე ძრავზე მუშაობს, რაც Chrome, გპასუხობთ: Windows 10-თან უკეთესი სინქრონიზაციისთვის.