Microsoft-ი OneDrive-ში ფაილების სარეზერვო ასლის აღდგენის ფუნქციას ამატებს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ OneDrive-ში დაკარგული ფაილების აღდგენის მოსახერხებელი ფუნქცია უნდა გამოჩენილიყო, რომელიც მომხმარებელს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაიცავდა, როგორიც არის ფაილების დამშიფრავი ვირუსით კომპიუტერის დაინფიცირება (მაგ. WannaCry) ან სულაც მყარი დისკის მწყობრიდან გამოსვლა. როგორც აღმოჩნდა, Files Restore გასული წლის სექტემბერში Microsoft Ignite 2017-ის ფარგლებში იქნა წარმოდგენილი. მოსალოდნელი იყო, რომ Microsoft-ი ამ ფუნქციას 2017 წლის ბოლომდე წარმოადგენდა, თუმცა დეველოპერებმა აღნიშნული პროდუქტის გამოშვება მიმდინარე წლის იანვრის ბოლომდე გადადეს.

სერვისი ოპერაციულ სისტემასთან სრული ინტეგრაციით იმუშავებს, უშუალოდ OneDrive-ში კი გამოჩნდება ერთგვარი დროის ხაზი, რომლის საშუალებითაც ანგარიშის მომხმარებელი დააკვირდება ფაილებთან მუშაობის ისტორიას და დაადგენს საეჭვო აქტივობებს. ასეთი სახით გამარტივდება პირადი ინფორმაციის დაკარგვისა თუ გაჟონვის აღკვეთა. Microsoft-ი ფაილის ცვლილების შესახებ დეტალურ ინფორმაციასაც მოგაწვდით. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება შეცვლილი ფაილების წინა ვერსიების დაბრუნება სასურველი კრიტერიუმის მიხედვით. OneDrive ბოლო 90 დღის განმავლობაში განხორციელებულ ყველა ცვლილებას შეინახავს, რაც დაკარგული ინფორმაციის აღდგენისთვის სავსებით საკმარისი იქნება. ცნობილია, რომ ამ ფუნქციით OneDrive-ის ბიზნეს მომხმარებლები ისარგებლებენ (Office 365-ის ფარგლებში), თუმცა უცნობი რჩება შეეხება თუ არა აღნიშნული სიახლე ღრუბლოვანი სერვისის ჩვეულებრივ მომხმარებლებს.

Files Restore

როგორც ჩანს OneDrive სარეზერვო ასლების პლატფორმად გარდაიქმნება. როგორ ფიქრობთ, რამდენად პრაქტიკული იქნება მსგავსი სერვისის გამოჩენა?

 

კატეგორიები

თეგები

17/1/2018