Microsoft-მა iOS-სა და Android-ზე Outlook-ის მსხვილი განახლება დააანონსა

Outlook-ის მობილური აპლიკაცია iOS-სა და Android-ზე მსხვილ ფუნქციურ და დიზაინერულ განახლებას მიიღებს. კომპანია Microsoft-მა რამდენიმე ცვლილება დააანონსა, რაც კლიენტის მუშაობას ბევრად მოსახერხებელს და სწრაფს გახდის. ძირითადი ცვლილებები Outlook-ის დიზაინს შეეხება, თუმცა დეველოპერები განახლებულ აპლიკაციაში Graph-ის ინტეგრაციასაც გეგმავენ, რაც აპლიკაციის შიგნით ძიების პროცესს გაამარტივებს.

საძიებო ველი აპლიკაციის მთავარ გვერდზე გადმოინაცვლებს, რაც მომხმარებელს სასურველი კონტენტის ერთი შეხებით მოძებნის საშუალებას აძლევს. ძიების მოთხოვნისას აპლიკაცია გაჩვენებთ უფრო მეტ ინფორმაციას, ვიდრე მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისი წერილების ჩამონათვალია. აპლიკაცია ამიერიდან გამოიყენებს Graph-ს, რომლის საშუალებითაც Outlook-ს კონტექსტუალური ინფორმაციის და ჭკვიანი საძიებო შედეგის ჩვენება შეუძლია. მაგალითისთვის, ძიების დროს აპლიკაცია გიჩვენებთ ელ.წერილებში არსებულ დანართებს, დეტალებს ფრენის შესახებ, ხშირად გამოყენებადი კონტაქტები და ა.შ.

ცვლილებები აპლიკაციის შიგნით ნავიგაციის სისტემასაც შეეხება. განახლების შემდეგ მომხმარებელს ბევრად გაუმარტივდება აპლიკაციაში გადაადგილება იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის ერთდროულად რამდენიმე საფოსტო ყუთს იყენებს. ინტერფეისის ცვლილებები პირველ რიგში გვერდითა პანელს შეეხო, სადაც სასურველ ანგარიშზე დაჭერისას მხოლოდ სასურველი საქაღალდეების ჩამონათვალი ჩამოიშლება. განახლებული ინტერფეისის შემდეგ თქვენ ასევე უფრო სწრაფად გადახვალთ აპლიკაციის პარამეტრებში.

iOS Outlook Update

დეველპერებმა დიდი ყურადღება დაუთმეს მიმოწერებს და მათ გაფორმებას. Outlook-ი მიიღებს სწრაფი პასუხის ფუნქციას, რაც ელ.ფოსტაში დიალოგის პროცესს მეტად დაამსგავსებს ჩვეულებრივ ჩატს. აპლიკაცია ასევე შემოგთავაზებთ სწრაფი პასუხის გაცემას მიმოწერის მხოლოდ კონკრეტული კონტაქტებისთვის ან ყველასთვის ერთად. სწრაფი პასუხის ინტერფეისში ჩანართის მიმაგრების და მიღებული წერილის გადაგზავნის ღილაკებიც იქნება დამატებული.

iOS Outlook Update 1

Microsoft-ი უკვე ავრცელებს დაანონსებული ცვლილებების ნაწილს iOS-მოწყობილობებზე. ნავიგაციისა და მიმოწერის განახლებული ინტერფეისი უკვე ხელმისაწვდომია Outlook-ის და Gmail-ის ელ.ფოსტის ყუთებისთვის. აპლიკაციაში განახლებული საძიებო სისტემის დამატებას კომპანია „უახლოეს მომავალში“ აპირებს. Android-ის მომხმარებლები აღნიშნულ განახლებას მოგვიანებით მიიღებენ, ხოლო Windows 10-ზე ამასთან დაკავშირებით სრული სიჩუმეა.

 

Microsoft Outlook
Microsoft Outlook
Price: Free

კატეგორიები

თეგები

13/7/2017