რამდენად შენელდება თქვენი კომპიუტერი Spectre/Meltdown მოწყვლადობის გამოსწორების შემდეგ

რამდენიმე დღის წინ Intel-ის პროცესორებში უსაფრთხოების სასტიკი პრობლემები აღმოაჩინეს. ტექნოლოგიურ სამყაროში მათ Spectre და Meltdown სახელწოდებით ვიცნობთ. ოპერაციული სისტემების დეველოპერებმა დაჩქარებული წესით დაიწყეს შესაბამისი შესწორებების გამოშვება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განახლებებით უსაფრთხოების ერთი პრობლემა გვარდება, თავს იჩენს მეორე, რომელიც კომპიუტერის მუშაობის შენელებას უკავშირდება. TechSpot-ის ჟურნალისტებმა შეამოწმეს ის მაჩვენებლები, რომლებიც კომპიუტერებზე შესწორების შემცველი განახლების ინსტალაციის შემდეგ დაფიქსირდა.

ტესტირებისთვის გამოყენებულ იქნა Intel Core i7-8700K და Samsung SSD 950 Pro GB. თითოეული ტესტი 4-ჯერ ჩატარდა და განსხვავებული შედეგებიდან ტექნოლოგიური პორტალის ჟურნალისტებმა საუკეთესო შეარჩიეს. შედეგები ასე გამოიყურება:

მყარი დისკის ტესტები

წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარეზე განახლების გავლენა მინიმალური აღმოჩნდა: საშუალოდ შენელებამ 1 -2% შეადგინა, რაც შეიძლება უბრალო ცდომილებასაც მივაწეროთ.

წარმადობის ტესტები

კომპიუტერის სწრაფქმედება საოფისე პროგრამებში მუშაობისას, ასევე 3D-რენდერინგთან, აქრივებთან ან დაშიფრვასთან მუშაობის დროს უცვლელი დარჩა. როგორც ჩანს Intel-ის პატჩები კომპიუტერის მოხმარების ყოველდღიურ სცენარზე არანაირად არ მოქმედებს.

თამაშის ტესტები

გეიმერებს შეუძლიათ მშვიდად განაგრძონ კომპიუტერის მოხმარება, რადგან ამ ტესტშიც Ashes of the Singularity, Assassin’s Creed Origins ან Battlefield 1-ის თამაშის დროს შესამჩნევი ცვლილებები არ ყოფილა.

დასკვნა

Windows-ზე მომუშავე კომპიუტერების მომხმარებლები ბოლო უსაფრთხოების განახლებების ინსტალაციის შემდეგ სხვაობას დიდად ვერ შეამჩნევენ. შესაძლოა Intel-ის შედარებით ძველმა პროცესორებმა რამდენიმე პროცენტიანი წარმადობის ვარდნა მაინც განიცადონ, თუმცა ყოველდღიური ამოცანების შესრულებისას ამას ვერ იგრძნობთ. გაცილებით დიდ პრობლემებს აწყდებიან Linux-ის მომხმარებლები, რადგან სინთეტიკურ ტესტებში აღნიშნული ოპერაციული სისტემა წარმადობის მნიშვნელოვან ვარდნას მყარი დისკის მოხმარებაშიც კი განიცდის. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ყოველდღიური ამოცანების შესრულებისას სისწრაფის დაკარგვას თითქმის ვერ შეამჩნევთ. აღნიშნული განახლებით გამოწვეულ დანაკარგს მწვავედ მხოლოდ სერვერების მომხმარებლები განიცდიან. თუმცა არც ეს მდგომარეობაა გამოუვალი, რადგან Intel-ი წარმადობის აღდგენისთვის შესაბამისი განახლების გამოშვებას უახლოეს მომავალში გვპირდება.

კატეგორიები

8/1/2018