Microsoft-ი Windows 10-ში PWA-ს მხარდაჭერას ამატებს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ი Windows 10-ში და ბრაუზერ Microsoft Edge-ში Progressive Web Apps-ის მხარდაჭერის დამატებას აპირებს. Redstone 4-თან ერთად, რომლის ფინალური ვერსია სავარაუდოდ შემდეგ თვეში გამოვა, თქვენ „პროგრესული ვებ-აპლიკაციების“ მოსინჯვის შესაძლებლობაც გექნებათ.

Progressive Web Apps — ვებ-აპლიკაცია, რომელიც გაუმჯობესებულია ისეთი თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიებით, როგორებიცაა Service Worker, Fetch networking, Cache API, Push Notification, Web App Manifest და სხვები, რაც მომხმარებლებს პრაქტიკულად უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს. პროგრესული ვებ-აპლიკაციები ბრაუზერში, მათ შორის „offline“ რეჟიმში მუშაობენ და სისტემურ შეტყობინებებსაც კი აგზავნიან. თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ Twitter-ის კლიენტი.

PWA-ს გამოქვეყნების დროს Web App Manifest-ი აპლიკაციების მარკეტში გამოიტანს ინფორმაციას სახელის, აღწერის, ხატულის და სქრინშოთების სახით. ამიტომ დეველოპერებს მანიფესტში რაც შეიძლება ვრცელი და ხარისხიანი ინფორმაციის განთავსება მოუწევთ. როგორც კი ვებ-აპლიკაცია მოხვდება მარკეტში (და ზოგ შემთხვევაში ეს ავტომატურად მოხდება), მისი დეველოპერი Microsoft Store-ში აპლიკაციის სამართავ პანელთან წვდომას მიიღებს.

სხვანაირად რომ ვთქვათ, დეველოპერები აპლიკაციის Microsoft Store-ში გამოსაქვეყნებლად არაფერს მოიმოქმედებენ. მთავარია ის Microsoft-ის ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. პროგრესული ვებ-აპლიკაციების შემოწმებას, ინდექსირებასა და მარკეტში განთავსებას Microsoft-ი უახლოეს მომავალში გეგმავს.

რა თქმა უნდა დეველოპერებს აპლიკაციების საკუთარი ნებით დამატების საშუალებაც ექნებათ. დეველოპერების საყურადღებოდ: Progressive Web Apps-ის Microsoft Store-ში გამოქვეყნების შემდეგ თუ ისურვებთ, რომ აღნიშნულმა ვებ-აპლიკაციამ სისტემურ დონეზე გააგზავნოს შეტყობინებები და მიიღოს ინტერაქტიული ან ცოცხალი ფილების მხარდაჭერა, საჭირო იქნება მისი APPX-პაკეტად გარდაქმნა PWA Builder-ის გამოყენებით, რის შემდეგაც შეძლებთ Dev Center-იდან მის განთავსებას.

Progressive Web Apps-ის უმთავრესი უპირატესობა მისი კროს-პლატფორმულობაა. იგი ნებისმიერი ტიპის ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს, რომელსაც ბრაუზერის და საჭირო ტექნოლოგიების მხარდაჭერა ექნება. გარდა ამისა, ასეთი აპლიკაციები დეველოპერის სერვერზეა განთავსებული და მომხმარებელს ახალი ვერსიის მისაღებად აღარ მოუწევს განახლების გადმოწერა.

 

 

კატეგორიები

თეგები

12/2/2018