Windows Insider: Fast და Skip Ahead არხით გამოვიდა Windows 10-ის საცდელი RS4 ანაწყობი, ნომრით 17035

გუშინ ღამე დონა სარკარმა Windows 10 RS4-ის ახალი საცდელი ანაწყობის გამოსვლის შესახებ გვამცნო. Fast Ring და Skip Ahead არხებზე გამოსული ანაწყობი, ნომრით 17035 ბევრი საინტერესო სიახლით გამოირჩევა.

ყურადღება! აღნიშნული ანაწყობის ტესტირების პროცესში AMD-ს პროცესორებზე მომუშავე კომპიუტერები არაადეკვატურად რეაგირებდნენ. აქედან გამომდინარე მსგავსი ტიპის მოწყობილობებზე განახლების დაყენება დროებით შეზღუდულია. Microsoft-ის ინჟინრები უკვე მუშაობენ ხარვეზის გამოსწორებაზე. განახლება გამოსწორებისთანავე გახდება ხელმისაწვდომი.

რა სიახლეებია Windows 10 17035-ში კომპიუტერებზე?

Microsoft Edge-ის გაუმჯობესება

ჩანართის გაჩუმება

Mute Tab MS Edgeკომპანია Microsoft-ის ბრაუზერმა ახალი ფუნქცია — „Mute tab“ (ჩანართის გაჩუმება) მიიღო. როცა რომელიმე ჩანართიდან ისმის ხმა, მის დასახელებასთან ჩნდება სპიკერის სიმბოლო. აღნიშნულ სპიკერზე დაწკაპებით შესაძლებელი ხდება ხმის გამორთვა ან ისევ ჩართვა. ხმის კონტროლი დამატებულია ჩანართების კონტექსტურ მენიუშიც, რომლის გამოძახება მასზე კურსორის მიტანითა და მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით ხდება. აღნიშნული ფუნქცია Windows Insider-ების აქტიური მოთხოვნის შედეგია. ოფიციალურ პოსტში დონა ინსაიდერებს გამოხმაურებებში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. Feedback Hub-ი როგორც ჩანს მართლა მუშაობს.

EPUB-ის შენახვა

Save Epub Edgeამიერიდან კომპიუტერზე EPUB წიგნების შენახვა Edge-დანაც შესაძლებელია.

წიგნების განახლებული კონტექსტური მენიუ

COntext Menu Edge

მომხმარებლის კომფორტისთვის დეველოპერებმა წიგნების კონტექსტურ მენიუში ახალი ოფციები დაამატეს. იქიდან უკვე შესაძლებელია წიგნის Store-ში ძიება, საწყის გვერდზე მიმაგრება ან უბრალოდ წიგნების სიის განახლება.

ფუნქცია „Near Share“

Near Share

აღნიშნული ფუნქციით Windows 10-ში URL-მისამართებისა და ფაილების უახლოეს კომპიუტერებთან გაზიარება ხდება შესაძლებელი. შეიძლება ითქვას ეს Apple-ის AirDrop-ის ანალოგია. Share-ის კონტექსტურ მენიუში გამოჩნდა დამატებითი კატეგორია, რომელშიც ყველა ხელმისაწვდომი ახლომდებარე მოწყობილობა იქნება ჩამოთვლილი. ჯერ-ჯერობით ამ ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Bluetooth-ის აქტივაცია. Near Share მხოლოდ Windows 10 17035 ან უფრო ახალ ვერსიაზე იმუშავებს.

Surface მოწყობილობების პირდაპირ Microsoft Store-დან შეძენა

ამიერიდან Windows 10-ის აპლიკაციების ჩაშენებულ მარკეტში (ვერსია 11709.1001.7 და უფრო ახალი) შესაძლებელია Surface მოწყობილობების დათვალიერება და შეძენა.

Settings (პარამეტრების) გაუმჯობესება

Windows Update

ამიერიდან აქტიური ჩამოტვირთვების დროს თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ გადაცემის სიჩქარე. აქტიურ ჩამოტვირთვებად ითვლება მომხმარებლის მიერ შემოწმებული განახლებები როგორც Windows Update, ისე Microsoft Store-ში.

ხმის პარამეტრები

დაწყებულია ხმის პარამეტრების ძველი Control Panel-იდან ახალ Settings-ში გადატანა. System კატეგორიაში გამოჩნდა ახალი პუნქტი სახელწოდებით „Sound“, რომელშიც უკვე დამატებულია აუდიო პარამეტრების ისეთი საბაზისო შესაძლებლობები, როგორებიცაა სპიკერის არჩევა და ხმასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა.

სპეციალური შესაძლებლობები

Ease of accessპარამეტრების ამ კატეგორიაში დამატებულია Display, Audio, Speech Recognition და Eye Gaze Control (beta) (თვალით კურსორის კონტროლი). ამ ჩამონათვალიდან პირველი სამი პუნქტი უკვე მოიცავს პარამეტრების თემატურ განლაგებას, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს Windows 10-ის სრულფასოვან გამოყენებაში ეხმარება. გარდა ამისა მაღალი კონტრასტულობის პუნქტში შეიცვალა თითოეული ფილტრის აღწერა.

სენსორული კლავიატურის გაუმჯობესება

Acrylic material

Keyboard FDSსენსორული კლავიატურის ფონი ამიერიდან Fluent Design System-ის მიხიედვით ნახევრად გამჭირვალეა.

სტანდარტული კლავიატურა

Keyboard

ეკრანის სტანდარტული კლავიატურას ამიერიდან პრაქტიკულად ყველა (190-ზე მეტი) ენის მხარდაჭერა აქვს. გამონაკლისია მხოლოდ კორეული, იაპონური, ტრადიციული და გამარტივებული ჩინური.

ტექსტის ხელით წერის გაუმჯობესება

ანიმაცია და ღილაკები

დამატებულია ახალი ანიმაციები და ღილაკების დამალვა/გამოჩენის ღილაკი.

სიტყვების განმეორებითი აღქმა

თუ დაწერილი ტექსტი Windows 10-მა არასწორად აღიქვა და თქვენ მისი ჩასწორება მოგიწიათ, სისტემა ამ ქმედებას დაიმახსოვრებს და სიტყვის განმეორებით დაწერისას მის ჩასწორებულ ვარიანტს დაბეჭდავს.

სიტყვებს შორის გამოტოვების ჩასმა

თუ გარკვეულ მომენტში მიხვდებით, რომ თქვენს მიერ დაწერილ ტექსტში სიტყვების ჩამატებაა საჭირო, უბრალოდ გაავლეთ ვერტიკალური ხაზი. მის ადგილას გამოჩენილი თავისუფალი სივრცე ტექსტის საჭირო ადგილას ჩასმაში დაგეხმარებათ.

იაპონური კლავიატურის (IME) გაუმჯობესება

იაპონურად სპეციალური IME-ს გამოყენებით კლავიატურაზე ტექსტის აკრეფის დროს თქვენ დაგეხმარებათ ხელოვნური ინტელექტი Rinna. ეს ჩატ-ბოტი დღეს 6 მილიონამდე ადამიანს ესაუბრება და ტექსტის წინასწარ პროგნოზირებას სწავლობს. Rinna-ს დახმარება ნაგულისხმევად გამორთულია, თუმცა მისი ჩართვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ IME-ს პარამეტრებიდან.

ფიზიკური კლავიატურის გამოყენებისას ტექსტის შემოთავაზებების ჩვენება

ჩვენ მივეჩვიეთ შესწორებების მიღებას ვირტუალური კლავიატურის გამოყენების დროს, თუმცა ფიზიკური კლავიატურის შემთხვევაში ძირითადად ეს მექანიზმი უფუნქციოდ რჩება. Microsoft-მა ამ ვითარების შეცვლა გადაწყვიტა— ამიერიდან შემოთავაზებები ფიზიკური კლავიატურით ტექსტის აკრეფის შემთხვევაშიც გამოჩნდება.

Suggestion

Windows 10 Redstone 4 17035-ის სხვა ცვლილებები

  • გამოსწორებულია UWP აპლიკაციების მუშაობის სისწრაფე.
  • თუ ადგილმდებარეობა ნაგულისხმევად მიბმულია სახლის ან სამუშაო კომპიუტერზე, მაშინ Cortana თითოეულ კომპიუტერზე შესაბამის შეხსენებებს გიჩვენებთ.
  • Cortana-ს კოლექციას ამიერიდან ღია ფერის გაფორმების მხარდაჭერა დაემატა.
  • ინტერნეტის პარამეტრებში ახალი პუნქტები გამოჩნდა, რომელთა ნაწილი ჯერ-ჯერობით არ მუშაობს.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც Microsoft Store-დან აპლიკაციის გადმოწერისას დაფიქსირებული შეცდომები Windows Update-ის ისტორიაში ჩანდა.
  • მოქმედებების ცენტრში დამატებულია Fluent Design-ის ეფექტი Reveal.
  • გამოსწორებულია მოქმედებების ცენტრიდან შეტყობინებების მასობრივი წაშლის მექანიზმი.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც მოქმედებების ცენტრიდან შეტყობინების წაშლა ხმოვანი სიგნალის ჩართვას იწვევდა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც აპლიკაციის წაშლის მიუხედავად Start მენიუში რჩებოდა ცოცხალი ფილა.
  • გამოსწორებულია დაშორებულ ეკრანთან დაკავშირებისას Start მენიუს მუშაობა.
  • Start მენიუში აღარ ჩანს დაზიანებული აპლიკაციები სახელწოდებით NoUIEntryPoints-DesignMode.
  • ფაილების მენეჯერში ხედვის გარკვეული რეჟიმის დაყენების შემთხვევაში გამოსწორებულია ფაილების გადარქმევის ხარვეზი.
  • UWP აპლიკაციებში გამოსწორებულია USB-თი დაკავშირებული სმარტფონიდან რამდენიმე ფაილის არჩევის შესაძლებლობა.
  • განახლების შემდეგ ავტომატურად აღარ ირთვება ოფცია, რომელიც Start მენიუში სარეკლამო შემოთავაზებების ჩვენებას ითვალისწინებს.
  • მოქმედებების ცენტრში გამოსწორებულია პროგრესის ზოლის მუშაობა.
  • სენსორულ მოწყობილობებზე პაროლის შეყვანის დროს გამოსწორებულია კლავიატურის მუშაობა.
  • პლანშეტის რეჟიმში გამოსწორებულია ეკრანის კლავიატურის მუშაობა.
  • ხელით წერის შემთხვევაში გამოსწორებულია სიტყვების 2-ჯერ აკრეფის ხარვეზი.
  • გამოსწორებულია DirectX9 თამაშების ხარვეზი, რომლის დროსაც სრულეკრანიან რეჟიმში Game Hub, ხმის კონტროლერის ან სხვა სისტემური ელემენტის გამოჩენის შემდეგ გამოსახულება ციმციმს იწყებდა.
  • გამოსწორებულია Forza Horizon 3-ის მუშაობა.
  • გამოსწორებულია ცვლილებების შეტანა About:flags-ში (Microsoft Edge)

Windows 10 Redstone 4 17035-ის ცნობილი ხარვეზები

  • თუ Mail, Cortana და სხვა აპლიკაციებთან მუშაობის პრობლემა გექმნებათ, გაეცანით ამ ბმულზე განთავსებულ ინფორმაციას.
  • ვირტუალურ სამუშაო მაგიდებს შორის გადართვის დროს ეკრანმა შესაძლოა ციმციმი დაიწყოს.
  • ზოგ Win32 პროგრამაში ე.წ Checkbox-ები არ ჩანს.

შეგახსენებთ, რომ განახლების ინსტალაციისას თქვენი მოწყობილობა მუშაობისთვის გარკვეული დროს განმავლობაში მიუწვდომელი იქნება. ასევე გირჩევთ რეგულარულად შექმნათ პერსონალური მონაცემების სარეზერვო ასლები. აღსანიშნავია, რომ RS4-ის არხის პირველი ანაწყობები, როგორიც ესაა არასტაბილურობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან, ამიტომ სასურველია თავდაპირველად განახლება სამუშაო და ძირითად მოწყობილობებს მოარიდოთ. 

წარმატებულ განახლებას გისურვებთ ინსაიდერებო! <3

წყარო: Microsoft-ის ოფიციალური ბლოგი.