სატია ნადელამ ჟურნალისტებს iPad-ის ნაცვლად „ნამდვილი კომპიუტერის“ გამოყენება ურჩია

Microsoft-ის ახალი იდეების პოპულარიზაციისთვის სატია ნადელა საკუთარ სამშობლოს, ინდოეთს ეწვია. კომპანიის ხელმძღვანელი ვიზიტს ფარგლებში სხვადასხვა კონფერენციებს ესწრებოდა და ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს ჟურნალისტები სატია ნადელასთან ინტერვიუზე iPad-ებით მივიდნენ. TechRadar-ის ცნობით, Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა ამ ფაქტს ხუმრობით გამოეხმაურა, ჩაიცინა და ჟურნალისტებს შემდეგი ფრაზით მიმართა:

მეგობრებო, სჯობს ნამდვილი კომპიუტერები შეიძინოთ.

თუმცა ეს ხუმრობა დღეს არსებულ რეალურ სურათსაც ასახავს. სანამ Apple მობილური ოპერაციული სისტემის მქონე iPad-ს „ნამდვილ კომპიუტერს“ უწოდებს და Microsoft-ის გარკვეულ გადაწყვეტილებებს იმეორებს, რედმონდი წარმატებით ყიდის Surface მოწყობილობებს, რომლებიც სრულფასოვან Windows 10-ზე მუშაობენ. Microsoft-ი კონკურენტების დაცინვის შანსს ხელიდან არ უშვებს: ჩვენ ხშირად ვხვდებით კომპანიის შედარებებს, რომლებშიც ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ Windows 10/Surface უფრო მრავალფუნქციური და პროდუქტიულია, ვიდრე macOS/iPad-ი. გარდა ამისა კომპანია არ ერიდება იმის აღნიშვნას, რომ Apple-ის პლანშეტი Surface Pro-ს ასლია.

სატია ნადელამ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ Microsoft-ს კონკურენტებისგან (Apple/Google) განსხვავებული ხედვა აქვს.

ჩვენ ძალიან განსხვავებული კომპანიები ვართ. Microsoft-ი არაა უბრალო გამყიდველი ბაზარზე. ჩვენ არ ვცდილობთ ვაწარმოოთ მხოლოდ პრემიუმ კლასის მოწყობილობები. ჩვენ ვქმნით ხელსაწყოებს და ტექნოლოგიებს, რომელთა გამოყენებითაც სხვა კომპანიები მუშაობენ.

შესაძლოა ვინმემ ეს სიტყვები ეჭვქვეშ დააყენოს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. კომპანიის მოგება იზრდება, აქციონერები კმაყოფილები არიან და შესაბამისად ნადელას მიერ აღებული კურსი ჯერ არ შეიცვლება.

 

კატეგორიები

13/11/2017