Timeline და ფანჯრების ახალი ინტერფეისი (Sets) — Windows 10-ში მორიგი ცვლილებები დაანონსდა

ყველას გვახსოვს, რომ Windows 10-ის მასშტაბურ Fall Creators Update (1709)-თან ერთად ჩვენ ისეთი საინტერესო ფუნქციები უნდა მიგვეღო, როგორებიცაა Timeline და Cloud Clipboard. ჩვენთვის უცნობი მიზეზებით ამ ფუნქციების გამოჩენა მომდევნო მასშტაბურ განახლებამდე გადაიდო. Redstone 4-ის არხში უკვე გამოვიდა 6 საცდელი ანაწყობი, რომელთა შორის ჩვენ დიდი ცვლილებები ვერ შევამჩნიეთ, რადგან სამუშაოები ძირითადად სისტემის ბირთვში მიმდინარეობდა. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა აღნიშნული მიმართულება დაიძრა.

28 ნოემბერს Windows Insider-ებმა Windows and Devices Group (WDG)-ის ხელმძღვანელისგან, ტერი მაიერსონისგან ელექტრონული წერილი მიიღეს, რომელშიც ის Windows 10-ის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის ინსაიდერებს და იქვე ახალი ფუნქციების შესახებ — Timeline-ისა და ფანჯრების ახალი ინტერფეისის, Sets-ის შესახებ მოგვითხრობს.

Timeline-ი პირველად Microsoft Build 2017-ის კონფერენციაზე გვაჩვენეს. როგორც სადემონსტრაციო სესიიდან გამოჩნდა, ინტერაქტიული „დროის ხაზი“ Windows-ში თქვენი ანგარიშის ქვეშ გაერთიანებულ ყველა აქტივობას, მათ შორის გახსნილ ფაილს, პროგრამასა თუ საიტს გიჩვენებთ. Timeline-ის სარგებელი ამით არ სრულდება— თქვენ შეგიძლიათ დროის ნებისმიერ მონაკვეთში დაფიქსირებულ მდგომარეობას ხელის ერთი დაჭერით დაუბრუნდეთ. ტერის განცხადებით Timeline-ის პირველ ვერსიას ჩვენ Windows Insider ანაწყობის მომდევნო ვერსიაში მივიღებთ.

მომდევნო ფუნქციის კოდური სახელწოდებაა Sets. მისი მუშაობის პრინციპი ბრაუზერის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას— ჩანართს იმეორებს. ბრაუზერში ერთ ფანჯარაში ჩანართების გახსნის შესაძლებლობის მსგავსად Windows 10-ში თქვენ რამდენიმე აპლიკაციისა თუ საიტის ერთ ფანჯარაში რამდენიმე ჩანართად დაყოფის საშუალება გექნებათ. წერილში თანდართული ვიდეო აღნიშნულ ფუნქციის მოკლე მიმოხილვას გვთავაზობს. საინტერესოა, რომ ფანჯრის დახურვის შემდეგ მომხმარებელს ჩანართების ნაწილობრივი ან სრული კონფიგურაციის აღდგენის საშუალება ეძლევა. აქვე შეამჩნევთ, რომ Sets-ს მჭიდრო ინტეგრაცია აქვს Timeline-თან. ტერის წერილიდან ირკვევა, რომ Sets-ი Windows Insider-ებამდე „უახლოეს კვირებში“ მივა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ფუნქციას ყველა ინსაიდერი ერთდროულად არ მიიღებს. კომპანიის ლიდერის განცხადებით მას ჯერ ინსაიდერების ვიწრო წრე შეამოწმებს, რის შემდეგაც Windows 10-ის დეველოპერები ხარვეზების გამოსწორებაზე იმუშავებენ. ამასთან ერთად კომპანიის თანამშრომლებმა უნდა შეაფასონ მრავალამოცანიანობის მაჩვენებელი Sets-ის მომხმარებლებსა და დანარჩენ ინსაიდერებს შორის.

ამჟამად უცნობია, რომელ პროგრამებს ექნებათ Sets-ში მუშაობის მხარდაჭერა. შესაძლოა მხარდაჭერილი პროგრამების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდოს. თუმცა გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ თავდაპირველად ახალი ინტერფეისის მხარდაჭერ ყველა UWP აპლიკაციას ექნება.

ფანჯრების ინტერფეისი, რომელიც Windows-ისთვის ერთგვარ ქვაკუთხედს წარმოადგენს წლების განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. აღნიშნულმა ინტერფეისმა კომპიუტერთან მუშაობა ბევრად გაამარტივა და დღეს მის გარეშე სრულფასოვანი მუშაობა ოპერაციულ სისტემასთან უბრალოდ წარმოუდგენელია. ამისდა მიუხედავად, მომხმარებლისთვის ფანჯრების ორგანიზებაში არჩევანის შეთავაზება ცალსახად დადებითი ნაბიჯია. Windows 10-ის საწყისებში ჩვენ უკვე შევხვდით ვირტუალურ სამუშაო მაგიდებს და მიგვაჩნია, რომ Sets-ი სამუშაო სივრცის ორგანიზებაში ამ სურათს კიდევ უფრო დახვეწავს.