Windows Insider: Fast და Skip Ahead არხით გამოვიდა Windows 10-ის საცდელი RS4 ანაწყობი, ნომრით 17063

სამშაბათს საღამოს კორპორაცია Microsoft-მა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, Fast Ring/Skip Ahead არხებზე როგორც იქნა წარმოადგინა Windows 10-ის ახალი საცდელი ანაწყობი, ნომრით 17063. აღნიშნულ განახლებას ჩვენ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ველოდებოდით. როგორც Windows Insider პროგრამის ინჟინრები გვპირდებოდნენ, 17063-ში ძალიან ბევრი ცვლილებაა. მაშ ასე, დავიწყოთ ამ სიახლეების განხილვა.

რა არის ახალი ანაწყობში, ნომრით 17063 (PC)

Timeline

ფუნქცია, რომელსაც ჯერ კიდევ Windows 10 Fall Creators-ში გვპირდებოდნენ, უკვე ხელმისაწვდომია ინსაიდერებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, Timeline შეიქმნა იმ მიზნით, რომ თქვენ არ დაგავიწყდეთ როდის, რომელ ფაილთან იმუშავეთ, სად შეინახეთ, რომელი აპლიკაცია გახსენით, სად შეწყვიტეთ მასთან მუშაობა და ა.შ. Timeline დაგეხმარებათ თქვენი მუშაობის ისტორიის მოძიებაში როგორც საკუთარ, ისე სხვა კომპიუტერებზე და iOS/Android მოწყობილობებზე.

ჩვენების სტანდარტულ რეჟიმში მომხმარებელი რამდენიმე დღის მუშაობის ისტორიის მინიატურებს იხილავს. ამასთან ერთად  Timeline-ში თქვენ დაფიქსირებული ყველა მოქმედების დეტალური ინფორმაციის ნახვაც შეგეძლებათ. ყველა ამოცანა კარგად არის დაჯგუფებული, რათა თქვენ მარტივად მიაგნოთ საჭირო აპლიკაციასა თუ ვებ-გვერდს. ამასთან ერთად ახალ „თაიმლაინში“ დამატებულია ფაილებისა და ცალკეული აპლიკაციების ძიების შესაძლებლობაც.

Timeline 1

Timeline-ის აქტივობებში თავმოყრილია აპლიკაციების და კონტენტის გამოყენების დეტალები და ქრონოლოგია. თითოეული „აქტივობა“ უკავშირდება გვერდს, დოკუმენტს, წასაკითხ მასალას, დასაკრავ სიას ან სხვა ამოცანას, რომელთან დაბრუნება და მუშაობის გაგრძელება აღარ წარმოადგენს სირთულეს— ნებისმიერი მოწყობილობიდან.  დეველოპერებს Timeline-თან სრულფასოვანი თავსებადობისთვის საკუთარი აპლიკაციების ოპტიმიზირება მოუწევთ. ამჟამად მუშაობის აღდგენა შეწყვეტილი მომენტიდან მუშაობს Microsoft Edge, საოფისე  და Windows 10-ის სხვა სტანდარტულ პროგრამებში, როგორებიცაა მაგ. რუკები, ამინდი, ელ.ფოსტა და სხვა.

Timeline 2

Cortana აღნიშნული ფუნქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ რელევანტური ამოცანების გახსნას სხვა მოწყობილობებიდან. მაგალითად, ასისტენტმა შესაძლოა შემოგთავაზოთ მუშაობის გაგრძელება Excel-ის იმ დოკუემენტზე, რომელზეც პლანშეტით მუშაობდით.

Cortana Suggestions

თქვენი მუშაობის ისტორია და ქრონოლოგია ავტომატურად დაგენერირდება ახალ Timeline-ში. Timeline-ის გახსნა შეგიძლიათ Action Center-დან ან კომბინაციით Win + Tab.

Microsoft Edge-ის გაუმჯობესება

Fluent Design. Microsoft Edge-ში გაუმჯობესებულია Fluent Design-ის აღქმადობა შავი გაფორმების არჩევის შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ ინტერფეისი ბევრად მოსახერხებელი და მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი გახდა. გარდა ამისა, Edge-ის ამიერიდან Revela ეფექტის მხარდაჭერაც აქვს.

Edge FDS

გამარტივებული სანიშნების სისტემა. აღნიშნულ ანაწყობში EPUB და PDF ფაილებისთვის გამარტივდა სანიშნების დამატება და მართვა.

Bookmarks

Offline საიტები და Push-შეტყობინებები. Microsoft Edge-ს ამიერიდან ე.წ „Service Worker“-ის, ქეშირების და Push-შეტყობინებების API-ს მხარდაჭერა დაემატა. აღნიშნული სტანდარტები ვებ-გვერდს შეტყობინებების Action Center-ში გაგზავნის საშუალებას აძლევენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრაუზერი დახურულია. გარდა ამისა, ზოგი გვერდის გამოყენება Offline რეჟიმშიც იქნება შესაძლებელი. ინფორმაციის ლოკალური ქეშირების საშუალებით საიტები უფრო სწრაფად გაიხსნება. ეს ცვლილება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება არასტაბილური ინტერნეტ კავშირის დროს.

მედია გაფართოებები. აღნიშნულ ანაწყობში OGG Vorbis და Theora მედია გაფართოებების მხარდაჭერა გამოჩნდა.

ჟესტების გაუმჯობესება მაღალი სიზუსტის მქონე ტრეკპადებზე.  17063-ში რამდენიმე ახალი ჟესტი გამოჩნდა, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ მაღალი სიზუსტის ტრეკპადების მფლობელებს შეუძლიათ. ეს ეხება ვებ-გვერდებზე გადიდებისა და ინფრომაციის გადატანის ჟესტებს, რომლებიც სენსორულ ეკრანებზე გამოიყენება.

Sets

აღნიშნული ფუნქცია Microsoft-მა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. მისი საშუალებით მომხმარებელს რამდენიმე აპლიკაციისა და ვებ-გვერდის ერთ ფანჯარაში რამდენიმე ჩანართად გაერთიანება შეუძლია. ამჟამად Sets-ი ინსაიდერების მხოლოდ ერთ ნაწილთან მივიდა. კომპანია ამ ფუნქციას ეტაპობრივად სულ უფრო მეტი ინსაიდერისთვის გახდის ხელმისაწვდომს.

Cortana-ს გაუმჯობესება

ჩანაწერების წიგნაკის ახალი გაფორმება. Notebook-მა გარკვეული ცვლილებები განიცადა და ამიერიდან აღარ ჩამორჩება ხმოვანი ასისტენტის მუდმივ განვითარებას. სამომხმარებლო კონტენტის გვერდზე გამოჩნდა ახალი ჩანართი, სახელად Organizer. მასში თქვენ სხვადასხვა სიებსა და შეხსენებებს იპოვით. აქვე შესაძლებელია Cortana-ს სხვადასხვა სერვისებთან დაკავშირება. საერთო ჯამში Cortana-ს ინტერფეისი 2 ჩანართად გაიყო: Organizer და Skills.

Cortana Notebook

მომხმარებლის პროფილის ბმული გადატანილია მარცხენა სანავიგაციო ზოლში. 

სიების და კოლექციების გაერთიანება. კოლექციები ამიერიდან გაერთიანებულია სიებთან, რათა ასისტენტმა უფრო რელევანტური შემოთავაზებები გიჩვენოთ. Cortana-ს ამიერიდან ამოცანების და საყიდლების სიის მართვა შეუძლია. ამოცანების ჩამონათვალში შეიძლება იყოს ისეთი აქტივობები, როგორებიცაა კონკრეტული რესტორანის სტუმრობა, წიგნების წაკითხვა, ფილმების ყურება, საინტერესო რეცეპტებით საკვების მომზადება და ა.შ.

Lists and Collections

Cortana და მუსიკა. ხმოვანი ასისტენტი თქვენთვის საყვარელი აპლიკაციებიდან მუსიკის მართვაშიც დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა აღნიშნული ფუნქცია მხოლოდ ა.შ.შ-ში და მხოლოდ Spotify-ის შემთხვევაში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ამ ფუნქციის API-ი დაბლოკილ ეკრანზეც მუშაობს.

Windows-ის გაფორმების გაუმჯობესება

მეტი Fluent Design System. Start მენიუს და შეტყობინებების ცენტრს ამიერიდან Acrylic ეფექტის მხარდაჭერა და FDS (Fluent Design System)-ის სრული თავსებადობა აქვს. ანალოგიური ეფექტებით აღიჭურვა ამოცანათა პანელი, გაზიარების კონტესტური მენიუ, საათისა და კალენდრის ფანჯარა, ასევე ქსელის, ხმის კონტროლისა და ტექსტის აკრეფის ფანჯრები.

UI Fluent

შეტყობინებების მონახაზები. თუ ინტერაქტიულ შეტყობინებაში დაიწყეთ ტექსტის შეყვანა და ის უცბად გაქრა, აკრეფილი ტექსტი არსად დაიკარგება. ის მონახაზის სახით შენახული იქნება Action Center-ში.

Start მენიუში გამარტივებულია აპლიკაციების ანბანის მიხედვით დაჯგუფება. 

ფაილის/საქაღალდის სტატუსი ნავიგაციის პანელში. ფაილების მენეჯერის მარცხენა სანავიგაციო პანელში გამოტანილია OneDrive-ში განთავსებული ფაილების/საქაღალდეების სტატუსი. ასეთი სახით თქვენ უფრო კარგად გეცოდინებათ თუ რომელი ფაილებია განთავსებული ღრუბელში და რომლები ინახება ლოკალურად. აღნიშნული სიახლე OneDrive files On-Demand-ის ნაწილია. სურვილის შემთხვევაში მისი გათიშვა შეგიძლიათ.

Updated Explorer

სისტემაში ავტორიზაციის ეკრანზე ქსელის კავშირის ინტერფეისი. Windows-ის ინტერფეისები განვითარებას აგრძელებენ. ქსელის კავშირის ინტერფეისმა ამოცანათა პანელიდან უკვე ავტორიზაციის ეკრანზეც გადაინაცვლა.

განახლების პროცესის გაუმჯობესება. განახლების შესახებ ინფორმაციის, ასევე ინსტალაციის მგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცის მიღება თქვენ უკვე პირდაპირ Action Center-იდან შეგიძლიათ.

Paint3D და „მაკრატელი“ (Snipping Tool). აღნიშნული ხელსაწყოთი ამოჭრილი ეკრანის ფრაგმენტის დამუშავება Paint3D-ში შეგიძლიათ. ამისათვის Snipping Tool-ს Paint3D-ის ღილაკი დაემატა.

Update Snipping Tool

My People პანელის გაუმჯობესება

Drag and Drop. პანელზე კონტაქტების გადატანა უკვე შესაძლებელია კურსორის ე.წ „გადათრევის“ ჟესტის გამოყენებით.

გაზრდილია მიმაგრებული კონტაქტების რაოდენობა. მიმაგრებული კონტაქტების 3 ადამიანამდე შეზღუდვა მოხსნილია! ამიერიდან ამოცანათა პანელში მიმაგრებული კონტაქტების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. გარდა ამისა შესაძლებელია მიმაგრებული კონტაქტების „ჩაკეცვა“.

Fluent Design. My People-ის ინტერფეისს ამიერიდან Fluent Design-ის, კერძოდ Acrylic, Reveal და სხვადასხვა განათების ეფექტების მხარდაჭერა აქვს.

აპლიკაციების შემოთავაზება. იმისათვის, რომ მომხმარებელმა მარტივად და სწრაფად დაიწყოს My People-ის გამოყენება, Windows-ი შემოგთავაზებთ მის გახსნას იმ აპლიკაციების გამოყენებისას, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული ინტერფეისის მხარდაჭერა.

პარამეტრების გაუმჯობესება

ახალი გაფორმება. პარამეტრებში Fluent Design System-ის ელემენტებთან ერთად თქვენ სრულად სახეცვლილ გაფორმებას შეხვდებით. პარამეტრების განახლებულ ფანჯარაში უკეთესად გამოიყენება თავისუფალი სივრცე, რაც გაცილებით კარგად გამოიყურება.

Update Settings

საკონტროლო შეკითხვები ლოკალური ანგარიშებისთვის. Fall Creators Update-ში დამატებულია პაროლის პირდაპირ ავტორიზაციის ეკრანზე გადაყენების შესაძლებლობა, ახლა კი ლოკალური ანგარიშების მფლობელებს Windows-ში საკონტროლო შეკითხვების და პასუხების მითითება შეუძლიათ, რაც პაროლის გადაყენების შესაძლებლობას უკვე ლოკალურ ანგარიშებზეც იძლევა.

Security Answers

დეტალური ინფორმაცია დისპლეის შესახებ. დეტალური ინფორმაცია თქვენი დისპლეის შესახებ გასაგებად და მარტივად თავმოყრილია Settings>>System>>Display-ში. იქ თქვენ გაიგებთ დეტალებს ეკრანის გაფართოების, სიგნალის აქტიური გაფართოების, მატრიცის განახლების სიხშირის, ფერების სიღრმის, ფერების ფორმატის და დინამიური დიაპაზონის სიგანის შესახებ.

გაუმჯობესებული მასშტაბირება. სისტემაში გამარტივებულია ბუნდოვანი აპლიკაციების ინტერფეისის გამოსწორება. ეს ხდება იმიტომ, რომ დეველოპერები არ უზრუნველყოფენ საკუთარი პროგრამების ოპტიმიზირებას DPI-ის მაღალი მაჩვენებლებისთვის. ამიერიდან ეს პრობლემა სისტემურ დონეზე მოგვარდა.

ახალი პუნქტი დისპლეის პარამეტრებში. აღნიშნული პუნქტის გააქტიურების შემდეგ სისტემა შეეცდება თავად გამოასწოროს ბუნდოვანი ინტერფეისის მქონე აპლიკაციების ჩვენება.

ინტერაქტიული შეტყობინებები. როცა Windows აღმოაჩენს, რომ აპლიკაციას არ აქვს შესაბამისი DPI-ის მხარდაჭერა, იგი რამდენიმე ღილაკით აღჭურვილი ინტერაქტიული შეტყობინების სახით შემოგთავაზებთ ჩვენების გაუმჯობესებას, შემოთავაზების უარყოფას და მეტი ინფორმაციის მოწოდებას აღნიშნული პრობლემის შესახებ.

Blurry Apps Not

მასშტაბირების გლობალური პარამეტრები. რამდენიმე განახლების წინ Window 10-ში კონკრეტული აპლიკაციებისთვის შესაბამისი მასშტაბირების პარამეტრების გამართვის ავტომატიზირებული მექანიზმი გამოჩნდა. ამჯერად კი აღნიშნული პარამეტრი უკვე გლობალურ ხასიათს ატარებს.

 

კლავიატურის პარამეტრების ახალი გაფორმება. ახალ ინტერფეისში თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ/წაშალოთ ენები, შეცვალოთ კლავიატურის განლაგება და აირჩიოთ სისტემური ენისგან დამოუკიდებელი სტანდარტული ენა. მსგავსი პარამეტრების ორეულებს თქვენ ვეღარ იპოვით Control Panel-ის სტანდარტულ ინტერფეისში.

Keyboard Settings

რეგიონის და ენის პარამეტრების გაუმჯობესება. სრულიად გარდაიქმნა რეგიონის და სისტემური ენის პარამეტრების ინტერფეისი. ენების ჩამონათვალში ხელმისაწვდომია დიქტორის და ხელით წერის ფუნქციების გამართვა.

New localization ui

სასურველი კავშირის პარამეტრები. დამატებულია ქსელთან კავშირისთვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობა. ეს შესაძლოა იყოს LTE ან Wi-Fi კავშირი.

მონაცემთა გადაცემის მართვის გაუმჯობესება. პარამეტრებში ამიერიდან შესაძლებელია მონაცემთა გადაცემის ლიმიტის დაწესება ან ფონურ რეჟიმის შემთხვევაში ქსელით სარგებლობის აკრძალვა. აღნიშნული მართვის პარამეტრები ხელმისაწვდომია როგორც მობილური, ისე Wi-Fi/Ethernet კავშირის შემთხვევაში.

თამაშის პარამეტრების გადაყენება. Gaming პარამეტრებში დამატებულია პარამეტრების გადაყენების ოპცია.

აპლიკაციების ინდივიდუალური გამართვის გაუმჯობესება. ცალკეული აპლიკაციების პარამეტრების სამართავი გვერდი გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ დაშვებები, როგორებიცაა ადგილმდებარეობის დადგენა, შეტყობინებების გამოგზავნა ან ფონურ რეჟიმში მუშაობა.

WDAG ხელმისაწვდომია Windows 10 Pro-ზე. Defender Application Guard სისტემის კორპორატიული ვერსიებიდან Windows 10 Professional-შიც გადმოინაცვლებს.

სწრაფი წვდომა კონტექსტური მენიუდან. Windows Defender-ის ხატულაზე მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპებისას განახლების მიღების ან სწრაფი სკანირების ბრძანებებთან წვდომას თქვენ პირდაპირ კონტექსტური მენიუდან მიიღებთ.

Linux-ის ქვესისტემის გაუმჯობესება

WSL-ს ამიერიდან ფონურ რეჟიმში მუშაობის მხარდაჭერაც აქვს. პროცესები, რომლებიც ფონურ რეჟიმში მუშაობენ (sshd, tmux/screen და ა.შ) განაგრძობენ მუშაობას იმ შემთხვევაშიც კი, როცა კონსოლის ფანჯარა დახურულია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

WSL-ის პარალელური მუშაობა წვდომის სხვადასხვა დონეებზე. აქამდე ყველა ქვესისტემა მუშაობდა ან გაფართოებული უფლებებით ან მათ გარეშე. ახლა კი თქვენ გაქვთ შესაძლებლობა Linux-ის ქვესისტემის ცალკეული ინსტანციები განსხვავებული უფლებებით გაუშვათ.

დაშორებული კავშირის მხარდაჭერა. WSL-ს ამიერიდან OpenSSH, VPN, Enter-PSSession და სხვა დაშორებული კავშირის მექანიზმების მხარდაჭერაც აქვს. აქამდე დაშორებული მუშაობა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა Linux-ი დაშორებული კავშირის დამყარებამდე ირთვებოდა.

Linux მისამართების Windows-ის მისამართებად კონვერტირების ხელსაწყო. Wslpath — ახალი ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება Linux-ის მისამართების Windows-ის ექვივალენტებში კონვერტირება.

ახალი ხელსაწყოები დეველოპერებისთვის

Bsdtar /  Curl. UNIX-გარემოში პოპულარული ორი ხელსაწყო უკვე ხელმისაწვდომია Windows და Windows Server-ში.

Windows-ში AF_UNIX-ის მხარდაჭერა გამოჩნდა.

legacy აპლიკაციებისთვის კამერასთან წვდომის მართვა

კამერასთან წვდომის პარამეტრები გაძლევენ საშუალებას მიანიჭოთ ან შეუზღუდოთ ამა თუ იმ კლასიკურ პროგრამას ჩაშენებულ კამერასთან წვდომის უფლება. განახლებამდე აღნიშნული პარამეტრი მხოლოდ UWP აპლიკაციებზე ვრცელდებოდა. მართალია, შესაძლოა აპლიკაციების ჩამონათვალში რომელიმე მათგანი არ ჩანდეს, თუმცა პარამეტრების ძალაში შესვლის შემდეგ აღნიშნული ცვლილებები ყველა დაყენებულ პროგრამასა თუ აპლიკაციაზე გავრცელდება.

 

კლავიატურის გაუმჯობესება

ხელით წერის პანელის პერსონალიზირება.  აღნიშნული პერსონალიზაციის პარამეტრი გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ რომელ ფონტში დაკონვერტირდეს ტექსტი, რომელსაც თქვენ ხელით დაწერთ.

Pen font

ემოჯის პანელი. აქამდე ემოჯის პანელის გამოსაძახებლად საჭირო იყო კლავიატურის ინგლისურ ენაზე გადართა. ამიერიდან კი მისი გამოძახება სხვა ენებზე, მათ შორის ქართულზეც შეგიძლიათ. პანელის გამოძახება შესაძლებელია Win + ; კომბინაციით.

Emoji Selector

გაუმჯობესებულია ფიზიკურ კლავიატურაზე ტექსტის შემოთავაზება.  

Predictions

გაყოფილი კლავიატურა. სენსორულ კლავიატურას დაემატა გაყოფილი განლაგების მხარდაჭერა, რაც დიდ ეკრანზე ტექსტის აკრეფას ამარტივებს.

New keyboard split

გაუმჯობესება IT სპეციალისტებისთვის

აღნიშნულ რელიზთან ერთად სისტემაში ჯგუფური პოლიტიკის ახალი პარამეტრები გამოჩნდა, რომლებსაც უკუკავშირის მეშვეობით IT სპეციალისტები და ქსელური ადმინისტრატორები ითხოვდნენ.

პროცესი Registry

ბოლო რამდენიმე ინსაიდერულ ანაწყობში შემჩნეულია ახალი პროცესი, სახელწოდებით „Registry“. მისი მუშაობის პრინციპი მეხსიერების კომპრესიის პროცესის მსგავსია. უბრალოდ ზომაში შემცირებული გვერდების ნაცვლად, Registry რეესტრის ინფორმაციას ინახავს (მაგ. HKEY_LOCALMACHINE\SOFTWARE, HKEY_CURRENT_USER). აღნიშნული მექანიზმის საშუალებით სისტემური რეესტრი უკეთესად მუშაობს კომპიუტერის მეხსიერებასთან, რაც მომავალში რეესტრის მიერ RAM-ის მოხმარებასაც შეამცირებს.

ვემშვიდობებით HomeGroup-ს

ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების საშუალებით Windows 10-ში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა ბევრად გამარტივდა. შესაბამისად HomeGroup-ის მექანიზმები აქ გამოუსადეგარი და ზედმეტიცაა. აღნიშნულ ანაწყობში HomeGroup გათიშულია, თუმცა საერთო ფაილების, საქაღალდეებისა და პრინტერების პროფილი განაგრძობს მუშაობას.

ზოგადი გაუმჯობესება, ცვლილებები და შესწორებები

  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც დინამიური დისკების სხვადასხვა ტიპები არ იტვირთებოდა კორექტულად და მიუწვდომელი იყო Windows-ში. ინფორმაცია დისკზე ინახება, თუმცა მასთან წვდომა მომხმარებლებს არ ქონდათ.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც My People-ის გახსნის და დახურვის შემდეგ მომხმარებელი აღარ ხედავდა ახალ შეტყობინებებს.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც აღარ ჩანდა Cortana-ს პარამეტრები.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც მომხმარებელს Cortana-ს ყველა შეტყობინება არ მისდიოდა.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც Cortana-ში ძიებისას არ ჩანდა Recycle Bin-ი.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც სისტემის გადაყენების შემდეგ ინტერნეტ კავშირის არსებობის გარეშე Start-მენიუში ცოცხალი ფილების ნაცვლად ქვემოთ მიმართული ისრები ჩანდა.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც დაბალი მოცულობის ოპერატიული მეხსიერების შემთხვევაში არაკორექტულად ჩანდა კონტექსტურ მენიუში არსებული ტექსტი.
  • გამოსწორებულია ფაილების სელექტორში აღმოჩენილი ხარვეზი, რომლის გამოც ის ფაილები, რომელთა სახელწოდებაშიც წერტილი გამოიყენებოდა არასწორ ფორმატში ინახებოდა. მაგალითად, თუ ფაილს ერქვა “a.ver2.exe” ის ინახებოდა როგორც “a.ver2”.
  • გამოსწორებულია ბრაუზერის „გაჭედვის“ ხარვეზი სრულეკრანიანი ვიდეოს 4x,8x სიჩქარით ყურების დროს.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც Cortana-ში ძიებისას არ ჩანდა Edge.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც Near Share ფუნქციის გამოყენებისას სისტემა ამბობდა, რომ აღნიშნული მოწყობილობა არ აბრუნებს პასუხს.
  • ღამის რეჟიმში გამოსწორებულია კურსორის „გაყინვა“.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც გაზიარების კონტექსტურ მენიუში არ ჩანდა Near Share ფუნქცია.
  • მყარი დისკის გაწმენდის ინტერფეისის გახსნა უფრო სწრაფად გახდა შესაძლებელი.
  • განახლების ცენტრის ინტერფეისი ასევე გაუმჯობესდა.
  • განახლებების ინსტალაციისთვის გადატვირთვის აუცილებლობის შესახებ შეტყობინებაში გადატვირთვის სხვა ვარიანტის არჩევის საშუალებაც დაემატა.
  • გამოსწორებულია Outlook 2016-ის მოულოდნელი გათიშვის ხარვეზი.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომის გამოც ჯგუფური პოლიტიკით გაწერილი ბლოკირების ეკრანის ფონის შეცვლა არ მუშაობდა იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრატორმა ავტორიზაციის ეკრანს ფონის შეცვლა გაუთიშა.
  • გამოსწორებულია ხარვეზები, რომლის გამოც სისტემაში დოკერი არ მუშაობდა.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც ბოლოს გამოყენებული ემოჯიები არაკორექტულად აისახებოდა.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც დიდ ეკრანებზე სენსორული კლავიატურა ძალიან პატარა ზომის იყო.
  • განახლდა სენსორული კლავიატურის გახსნისა და დახურვის ანიმაცია.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც სენსორულ კლავიატურაზე ღილაკები დაჭერილ მდგომარეობაში „იჭედებოდა“.
  • სენსორულ კლავიატურას ამიერიდან 3 ღილაკისგან შემდგარი კომბინაციის მხარდაჭერა დაემატა (მაგ. Win + Alt + D).
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც VPN-კავშირები სატანადოდ არ აქტიურდებოდა და იწვევდა შეცდომას, ნომრით 720.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც Legacy-კონტროლი ვერ უშვებდა აპლიკაციას CMD-ში.

ცნობილი ხარვეზები

  • 64-ბიტიან კომპიუტერებზე Tencent-ის თამაშები, როგორებიცაა League of Legends და NBA2k Online იწვევენ სიკვდილის ლურჯ ეკრანს.
  • 64-ბიტიან კომპიუტერზე დაშორებულად x86 აპლიკაციის გაშვება იწვევს შეცდომას „FileNotFound“ თუ მეორე კომპიუტერი 17040 ანაწყობზე მუშაობს. x64-x64 და x86-x86 სცენარის შემთხვევაში შეცდომა არ ფიქსირდება.
  • Microsoft Edge-ში შესაძლოა ზოგი საიტიდან არ მიიღოთ Push-შეტყობინება. ხარვეს მომდევნო ანაწყობში გამოასწორებენ.
  • 360-გრადუსიანი ვიდეოს დაკვრა სტანდარტულ დამკვრელში ზოგ შემთხვევაში არაკორექტულად მუშაობს.
  • Windows Mixed Reality-ში Microsoft Edge-ის InPrivate ფანჯრის გახსნისას თქვენ ჩვეულებრივ ფანჯარას გახსნით. InPrivate რეჟიმი WMR-ში ამჟამად მიუწვდომელია.
  • OpenSSH-ის აქტივატორი დაშორებული მასშტაბირებისთვის პარამეტრებში ამჟამად არ მუშაობს.
  • Microsoft Edge, Cortana და სხვა Webview აპლიკაციები არ იმუშავებს, თუ თქვენ EUDC ფონტებს იყენებთ. HKCU/EUDC-ის წაშლა პრობლემას აგვარებს.
  • განახლების შემდეგ მეორე ეკრანზე სენსორულმა ინტერაქციამ და სტილუსმა  შესაძლოა შეწყვიტონ მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ განახლების ინსტალაციისას თქვენი მოწყობილობა მუშაობისთვის გარკვეული დროს განმავლობაში მიუწვდომელი იქნება. ასევე გირჩევთ რეგულარულად შექმნათ პერსონალური მონაცემების სარეზერვო ასლები. 

წარმატებულ განახლებას გისურვებთ ინსაიდერებო! <3

წყარო: Windows-ის ოფიციალური ბლოგი

 

კატეგორიები

20/12/2017
  • Galan

    გმადლობთ, ვრცელი განხილვისთვის, კარგი სტატიაა