Microsoft-მა Xbox One-ისთვის საშემოდგომო განახლების გავრცელება დაიწყო

Microsoft-მა გუშინდელი დღიდან Xbox One-ისთვის საშემოდგომო განახლების (Fall Creators Update) გავრცელება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განახლების საცდელი ვერსიები Xbox One/ One S-ის მომხმარებლებისთვის ინსაიდერული პროგრამის ფარგლებში აგვისტოს თვიდან იყო ხელმისაწვდომი.

გეიმერები განახლების შემდეგ კონსოლის ახალ Dashboard-ს შეამჩნევენ. დიახ, Fluent Design, Home-ის ახალი განლაგება, „ბლოკების“ დამატება და შეცვლა უკვე Xbox One-ზეა.

ვიზუალური ცვლილებებიდან აღვნიშნავთ გაფორმების ღია ფერის დამატებას მათთვის, ვისაც მუქი უკვე მობეზრდა. დეველოპერებმა სათამაშო ჰაბიც გადააკეთეს, რომელიც მეგობრების აქტივობის, რეკორდების ჩანაწერებისა და LFG პოსტების გამარტივებული ძიების საშუალებას იძლევა. მთავარ ეკრანზე თქვენ უკვე 40-მდე ობიექტის მიმაგრება შეგიძლიათ.

ცვლილებები ჩაშენებულ გზამკვლევსაც შეეხო. სრულიად გადამუშავდა ნავიგაცია და ამიერიდან ჩანართებს შორის გადართვა ე.წ „ბამპერების“ გამოყენებით არის შესაძლებელი. უშუალოდ გზამკვლევმა კი რამდენიმე ახალი ფუნქციის, მათ შორის ტრანსლაციის მართვის ინტერფეისის სწრაფი გახსნის, თამაშში ჩართვის მოთხოვნის და ამავე თამაშში უკვე ჩართული მეგობრების სიის ჩვენების მხარდაჭერა მიიღო.

Microsoft-მა Xbox One X-მდე გაუმჯობესების პროცესიც გაამარტივა. მასში უკვე დამატებულია თამაშის დამატებითი გაუმჯობესების სწრაფი გადმოწერის საშუალება, რომელიც ახალ კონსოლზე თამაშის 4K გაფართოებით გახსნის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიას არც Mixer-ის გაუმჯობესება დავიწყებია. მომხმარებლებს თამაშის ტრანსლირება უკვე 1080p-ში შეუძლიათ, ხოლო Game DVR-ს 4K/HDR ჩანაწერების გაკეთება შეუძლია. გარდა ამისა კონსოლს Skype ან Mixer-ში საკუთარი გამოსახულების გამოსატანად უკვე ნებისმიერი USB კამერის მხარდაჭერაც აქვს. აქამდე ეს მხოლოდ Kinect-ით იყო შესაძლებელი, რაც ბევრ უხერხულობას იწვევდა.

განახლება უკვე ხელმისაწვდომია Xbox One-ის ყველა მომხმარებლისთვის. რაც შეეხება Xbox One X-ს— მისი გაყიდვები 7 ნოემბერს იწყება. მანამდე კი მხოლოდ წინასწარი შეკვეთის შესაძლებლობა გეძლევათ.

კატეგორიები

17/10/2017