Microsoft-მა AMD-ს კომპიუტერებზე პატჩის დაყენების პრობლემები განმარტა

AMD-ზე მომუშავე კომპიუტერების ასობით მომხმარებელმა Windows 10-ზე კრიტიკული განახლების ინსტალაციით გამოწვეული სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ. შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა პროცესორებში Meltdown და Spectre მოწყვლადობების აღმოსაფხვრელად სპეციალური განახლება გამოუშვა, რომელთა ინსტალაციის შედეგადაც AMD-ს კომპიუტერები გამართულ მუშაობას წყვეტდნენ. სისტემა Windows-ის ჩატვირთვის ეკრანზე „იყინებოდა“ და მომხმარებელს აღდგენის ინტერფეისამდეც არ უშვებდა. მართალია, ზუსტი გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა Microsoft-მა არსებული მდგომარეობა განმარტა.

Microsoft-ის წარმომადგენლების განცხადებით, განახლების შემდეგ AMD-ს პროცესორზე მომუშავე კომპიუტერების გაუმართაობა გამოწვეულია AMD-ს მიერ კორპორაციისთვის მიწოდებული მცდარი დოკუმენტაციით, რომლის საფუძველზეც ხდება პატჩების შემუშავება. მოკლედ, რომ ვთქვათ აქ AMD-ს ბრალეულობა იკვეთება.

პრობლემის მასშტაბების ზრდის აღკვეთის მიზნით, Microsoft-მა დროებით შემდეგი კრიტიკული განახლებების გავრცელება შეაჩერა:

  • KB4056897 (უსაფრთხოების განახლება).
  • KB4056894 (ყოველთვიური განახლება).
  • KB4056888 (10586.1356 ანაწყობი).
  • KB4056892 (16299.192 ანაწყობი).
  • KB4056891 (15063.850 ანაწყობი).
  • KB4056890 (4393.2007 ანაწყობი).
  • KB4056898 (უსაფრთხოების განახლება).
  • KB4056893 (10240.17735 ანაწყობი).
  • KB4056895 (ყოველთვიური განახლება).

აღსანიშნავია, რომ არც Microsoft-ი და არც AMD არ საუბრობენ იმ პროცესებზე, რომლებსაც აღნიშნული პრობლემა შეეხო. Microsoft-ი AMD-სთან ერთად უკვე მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრასა და განახლებების მიწოდების აღდგენაზე.

Microsoft-ის ტექნიკური მხარდაჭერის გვერდზე გამოქვეყნებულია რამდენიმე ბმული, რომლებიც თეორიულად კომპიუტერის მუშაობის აღდგენაში დაგეხმარებათ. თუმცა საუკეთესო გამოსავალი ჩვენი აზრით რა თქმა უნდა Windows-ის გადაყენებაა.

კატეგორიები

თეგები

10/1/2018