როგორ დავიცვათ ჩვენი Windows მოწყობილობები Spectre და Meltdown მოწყვლადობებისგან

რამდენიმე დღის წინ მსოფლიომ Intel-ის პროცესორებში სერიოზული აპარატული უსაფრთხოების ხარვეზის შესახებ შეიტყო. Windows 10-ის აქტუალურ ვერსიებზე ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის შესაბამისი განახლებები უკვე გამოვიდა და ხელმისაწვდომია Windows Update-დან. თუმცა თუ სისტემის შედარებით ძველ ვერსიას იყენებთ, მაშინ ამ მნიშვნელოვანი განახლების ინსტალაცია ხელით მოგიწევთ. გადმოიწერეთ და დააყენეთ სისტემის შესაბამისი ვერსიის განახლება.

Windows 7

Windows 8.1

Windows 10 1507

Windows 10 1511

Windows 10 1607

Windows 10 1703

Windows 10 1709

Windows Server 2008, 2012 და 2016-სთვის კრიტიკული პატჩის გადმოწერა Microsoft-ის განახლებების კატალოგიდან ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ბირთვის დონეზე განხორციელებული აუცილებელი ცვლილებების გამო აღნიშნული განახლების ინსტალაციის შემდეგ ზოგმა პროგრამამ შესაძლოა გამართულად მუშაობა შეწყვიტოს.  ასეთი პროგრამების რიცხვშია ზოგი ანტივირუსი, VPN-კლიენტი და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამული უზრუნველყოფა. პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ ამის შესახებ შეატყობინოთ პროდუქტის დეველოპერს.

საჭიროა თუ არა აღნიშნული პატჩების დაყენება AMD-ს პროცესორების მქონე კომპიუტერებზე?

აღსანიშნავია, რომ AMD-ს პროცესორებში უსაფრთხოების პრობლემების მხოლოდ ნაწილი აღმოჩნდა. „წითელი“ პროცესორების ბაზაზე მომუშავე კომპიუტერებში შეღწევა უფრო მეტ დროს წაიღებს, ვიდრე Intel-ის შემთხვევაში, თუმცა ეს მაინც შესაძლებელია. ზუსტად ამიტომ, თუ თქვენი კომპიუტერი AMD-ს ბაზაზე მუშაობს, ამ პატჩების დაყენება მაინც აუცილებელია.

როგორ მოვიქცეთ თუ პატჩები არ ყენდება?

ზოგი ანტივირუსი ბლოკავს Spectre და Meltdown მოწყვლადობების გამოსასწორებელი განახლებების ინსტალაციას. თუ განახლების დაყენების პროცესი წარუმატებელი აღმოჩნდა, Microsoft-ი გირჩევთ მიმართოთ შემდეგ ხერხს:

  • Win+R -ით გამოძახებულ ფანჯარაში ჩაწერეთ regedit და დააწექით Enter-ს.
  • გადადით HKEY_LOCAL_MACHINE\SOFTWARE\Microsoft\Windows\CurrentVersion\QualityCompat-ში.
  • იპოვეთ cadca5fe-87d3-4b96-b7fb-a231484277cc და შეცვალეთ მისი მაჩვენებელი 0-ზე.
  • გადატვირთეთ მოწყობილობა და სცადეთ განახლებების ხელახლა დაყენება.

საჭიროა თუ არა განახლებების Windows 10 Mobile-ზე დაყენება?

ARM-ის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული არქიტექტურის მქონე აქტუალური პროცესორების უმეტესობას Meltdown და Spectre მოწყვლადობა ისევე შეეხო, როგორც Intel-ისა და AMD-ს პროცესორებს. ამისდა მიუხედავად, Windows 10 Mobile-ზე მომუშავე სმარტფონების დიდი ნაწილი ძველ პროცესორებს იყენებს, სადაც უსაფრთხოების პრობლემა არ ფიქსირდება. საფრთხის ქვეშ არიან მხოლოდ ახალი ჩიპსეტების მქონე სმარტფონები— Lumia 950/950 XL ან HP Elite x3.

Microsoft-მა უკვე გამოუშვა Windows 10 Mobile-ის შესაბამისი განახლება, რომლის გადმოწერაც ასევე განახლებების ცენტრიდან არის შესაძლებელი.

კატეგორიები

8/1/2018